"საქართველოს სუვერენიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე ვერ გადარჩება" - რუსთაველის მეტროსთან "ფედერალისტები" იკრიბებიან
ამ წუთებში ყურადღების ცენტრი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაა - ადგილზე "ფედერალისტები" და მისი მხარდამჭერები იკრიბებიან. ცოტახანში მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ და დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან.
დღეს, საღამოს 10-ის ნახევარზე, პარლამენტთან, "ტაბულას", "ფედერალისტებისა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" ორგანიზებით ფილმის ჩვენებაც მოეწყობა. მოცემული ფილმით ორგანიზატორები იმის დემონსტრირებას შეეცდებიან, თუ რა ემართება საქართველოს მაშინ, როდესაც რუსეთის პირისპირ მარტო რჩება.
ყველას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველას ვაჩვენოთ, რომ გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. დამოუკიდებლობა, ჩვენი შვილების მომავალი - ეს გაცილებით მეტია. დასავლეთთან ინტეგრაციის გარეშე საქართველოში მშვიდობა და დამოუკიდებლობა ვერ გაჩერდება. რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ საქართველოს მმართავს მკაფიოდ ანტიამერიკული, ანტიევროპული რეჟიმი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმი ანტიქართულია. საქართველოს სუვერენიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე ვერ გადარჩება. იმისთვის, რომ რუსეთს გადაურჩე, ძლიერი მოკავშირეები გჭირდება". - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.