ქეთი ქერაშვილი: 26 მაისს ბიჭებს ვულოცავ... ისინი მაგალითი არიან იმისა, რომ თავისუფლებას ბრძოლა სჭირდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც უერთდებიან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ქერაშვილის და, ქეთი ქერაშვილი დგას.
ოთხ კედელში გამომწყვდეული რეჟიმის ტყვის და უკანონოდ დაკავებულებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ის "პირველებთან" ამბობს, სწორედ სინდისის პატიმრები არიან მაგალითი იმისა, რომ თავისუფლების შენარჩუნებას ბრძოლა სჭირდება.
მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის, რადგან დღემდე გვიწევს ამ თარიღის მნიშვნელობის დაცვა და რა თქმა უნდა, ამას ბოლომდე გავაგრძელებთ. ბიჭებს ვულოცავ 26 მაისს. ნათელი მაგალითი არიან, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ბოლომდე სჭირდება ბრძოლა. შარშან ჭავჭავაძის მარშს მე და ირაკლი ერთად მივყვებოდით. დღეს მარტო მიწევს, მაგრამ მარტოც ვერ ვიტყვი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას გვერდით". - განაცხადა ქეთი ქერაშვილმა.
ქართველი ხალხის 26 მაისი - დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადავსებულია. დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავზე პარლამენტთან მყოფი ადამიანები კვლავ ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები და თავისუფალი მომავლისთვის იბრძვიან.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე სცენაა მოწყობილი. ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე მიმართავს. მანამდე კი გაიმართება ფილმის ჩვენება, რომელიც "ფედერალისტების", "ტაბულასა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ არის ორგანიზებული.
დღეს რუსთაველის გამზირზე დგას სტუდენტი, პოლიტიკოსი, ხელოვანი, საჯარო მოხელე და საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი, რომელსაც სჯერა, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს სუვერენიტეტს ართმევს და ოკუპანტი რუსეთის წინაშე ქვეყანას მარტო ტოვებს.