რუსული გამოძიება ქართველი მუსიკოსის წინააღმდეგ - აქტივისტები "ოცნებას" რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელენ

27.05.25 12:34
რუსული გამოძიება ქართველი მუსიკოსის წინააღმდეგ - აქტივისტები "ოცნებას" რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელენ

მას შემდეგ, რაც ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ რუსეთმა გამოძიების დაწყება დააანონსა, აქტივისტები "ოცნების" რეჟიმს აკრიტიკებენ. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოს ე.წ. მთავრობა რუსეთის სპეცსამსახურებთან კოლაბორაციაშია. 

მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ქვეყანა რუსი აგენტებით არის სავსე, რადგან მუსიკოსის მიერ წარმოდგენილი პერფორმანსიდან რამდენიმე საათში მოსკოვს ინფორმაცია უკვე ჰქონდა. 

იგი არ გასულა შემოქმედების და ხელოვნების არეალიდან, თან ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების კონცეფციაში ჯდება აბსოლუტურად და მან გამოხატა თავისი ხედვა, არა მარტო პოლიტიკური. ჩვენ ამ პერფორმანსით, კონკრეტულად, ამ ახალგაზრდამ გვიჩვენა, რომ მას არ ეშინია რუსეთის, რომ მას უყვარს თავისი საქართველო. ვხედავთ, რომ ინფიტრირებულია კაგებეს და ეფესბეს, გერეუს მთელი აგენტურა საქართველოში. ფაქტობრივად, გარუზრუზებულია და დაზურზრუბენ საქართველოში. წარმომიდგენია, როგორ უყურებენ და აკვირდებიან ყველაფერს, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შეასრულა ეს პერფორმანსი რამდენიმე საათით ადრე და რამდენიმე საათში უკვე ამას რუსეთის უმაღლეს დონეზე რეაქცია მოჰყვა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ, - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე. 

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ერეკლე გეწაძის შემთხვევა არც პირველია და არც გამონაკლისი. ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც რუსეთში გამოტანილი განაჩენის საფუძველზე უკრაინაში მებრძოლ ერთ-ერთ ქართველს საქართველოში იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს. 

ერეკლეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი და არც პირველია. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ უკრაინაში მებრძლი ერთ-ერთი ქართველის წინააღმდეგ აღძრული საქმის რუსეთში გამოტანილი განაჩენის შემდეგ როგორ მოსთოხვეს მას საქართველოში იარაღის ჩაბარება. ეს არის ნიშანი კიდევ ერთი იმისა, რომ მთლიანად კოლაბორაცია მიდის "ქართული ოცნების" და რუსული რეჟიმის. კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხნეობა ერეკლე გეწაძეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ერთი წამით არ აქვს შიში არც რუსეთის და მითუმეტეს, არც "ქართული ოცნების", - ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

იყო თუ არა ერეკლე გეწაძის ქმედება პერფორმანსი თუ დანაშაული - კითხვას არ პასუხს თიკა რუხაძე. რუხაძე არც იმას ამბობს, ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე რუსეთის გამოძიებასთან. 

მე ვიცი ერთი რაღაც, რომ სიყვარულზე შემიძლია, გელაპარაოთ დაუსრულებლად. სიყვარული და კულტურა არის ის ენა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების ენით შეიძლება, რომ გვესაუბროს. მიმართეთ შესაბამის უწყებებს, გაგცემენ პასუხს, - ამბობს თიკა რუხაძე "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

მარია ზახაროვას შემდეგ მუსიკოს ერეკლე გეწაძის დასჯას უკვე რუსეთის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ითხოვს. ქართველი მუსიკოსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ბრძანება მან უკვე გასცა. 

საქმე Tbilisi Open Air-ზე ერეკლე გეწაძის წარმოდგენილ პერფორმანსს ეხება, რომელიც ოკუპანტმა ქვეყანამ შეურაცხყოფად მიიჩნია. 

 

მსგავსი სიახლეები