შსს ითხოვს, რომ სტუდენტს, ვისაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, პატიმრობა მიუსაჯონ
შინაგან საქმეთა სამინისტრო სტუდენტის და "ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს, - ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლიკა ლორთქიფანიძეს 17 მაისს, "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხი აქტივისტებს სასამართლოში უჩივის - საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ივანიშვილის პარტიის პრორუსული პოლიტიკა შეძახილებით გააპროტესტეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.
ლაშხის საჩივრის საფუძველზე შსს სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობასაც ითხოვს.
აქტივისტებს პატიმრობა, ან ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.
"ქართული ოცნების" მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა.
განახლება:
ლიკა ლორთქიფანიძის საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს, გადაწყვეტილების გამოცხადება აღნიშნულმა მოსამართლემ 30 მაისისთვის გადადო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ითხოვენ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას, კონკრეტული დღეები არ უთქვამთ. ითხოვენ პატიმრობის გამოყენებას“, - ამბობს ადვოკატი მიხეილ თათარაძე „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, ლორთქიფანიძის მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.