"პოლიტიკური შურისძიებისთვის შეკერილი საქმე" - რა ხდებოდა სინდისის პატიმრების პროცესზე
ვეფხია კასრაძე, რომელსაც პროკურატურა 9 წლით ციხეში გაშვებას უპირებს, დღეს მოსამართლეს უხსნიდა, რა მიზნით შეკერა პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმე. მსახიობი, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა, განსასჯელის სკამიდან ყვება, რომ სინდისის პატიმრების გამოყენება რეჟიმმა პოლიტიკური შურისძიებისთვის სცადა, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.
კასრაძეს მოსამართლემ სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.
ვეფხია კასრაძე, პროპაგანდისტული მედიით გავრცელებული ჩანაწერიდან ორი დღის შემდეგ დააკავეს. ჩანაწერის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა დაკავებამდე აგორებული კამპანია მსახიობის დაკავებისთვის ნიადაგი მზადდებოდა. მიუხედავად ამისა, ვეფხია კასრაძეს მიმალვა არც კი უცდია და პოლიციელებმა მშენებლობაზე მუშაობის დროს აიყვანეს.
დღეს ჩვენება ერთ-ერთმა "დამკავებელმა" პოლიციელმა მისცა რომელიც ბრალდებულმა ვერ იცნო.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების რვა პირიან საქმეზე დღეს 5 ექსპერტი დაიკითხა. მათ ექსპერტიზა ჩაუტარეს იმ ნივთ-მტკიცებებს, რაც გამოძიებამ ზვიად ცეცხლაძის სახლიდან ამოიღო. ექსპერტებმა ვერ თქვეს, რომ ამოღებული ნივთები ფეთქებად-საშიშია, დაადასტურეს მხოლოდ ის რომ ნავთობ პროდუქტი, საჭირო ჭურჭელში მოთავსების და სპეციალური გამოყენების შემთხვევაში აალებადია, თუმცა ადვოკატების მარტივი ექსპერიმენტით, პროცესზევე გაირკვა, რომ ზუსტად ასეთივე რისკის მატარებელია სანთებელა.