"ტელეფონზე ბლოკი მომახსნევინეს და უნებართვოდ შევიდნენ" - პირველი ინტერვიუ დროშის დაწვის გამო დაკავებულ აქტივისტთან
48 საათის ამოწურვის შემდეგ, "ქართული ოცნების" დროშის დაწვის გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი იზოლატორიდან გაათავისუფლეს - უჩა ქემაშვილის სასამართლო პროცესი დღეს იყო დანიშნული, თუმცა გადაიდო. მოსამართლე დავით თეთრაული აქტივისტის საქმეზე 6 ივნისს იმსჯელებს.
იქამდე, ვიდრე საქმეს სასამართლო განიხილავს, "პირველებმა" უჩა ქემაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. აქტივისტმა 26 მაისს განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულა.
როგორც უჩა ქემაშვილი "ტვ პირველის" კორესპონდენტს უყვება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე "ქართული ოცნების" დროშა დაწვა და როდესაც აქციიდან მისი დის სახლისკენ მიემართებოდა, პოლიცია აედევნა. მისივე განმარტებით, შს სამინისტროს თანამშრომლები მეტროშიც ჩაყვნენ, ხოლო ხელბორკილები უშუალოდ ვარკეთილში, მისი დის საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაადეს.
უჩა ქემაშვილის განცხადებით, თავდაპირველად, პოლიციელებს არ აუხსნიათ, რის გამო დააკავეს, თუმცა იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ბრალი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო წაუყენეს. ხაზგასასმელია, რომ მისივე განმარტებით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აქტივისტის თქმით, დაკავების მომენტში ტელეფონზე ბლოკი მოახსნევინეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ სამართალდამცველები გარკვეულ ინფორმაციას ნახევარი საათის განმავლობაში ეცნობოდნენ.
26 მაისს, როდესაც სოფლიდან ჩამოტანილი ალუჩა რუსთაველზე ჩვენ დებს და ძმებს დავურიგე, მანქანა ცუდად მყავდა გაჩერებული, გავედი ვარკეთილში და შემდეგ დავბრუნდი ისევ რუსთაველზე. "ქართული ოცნების" დროშა, ძონძა, ტერორისტული ორგანიზაციის დროშა დავწვი. ამის შემდეგ მოხდა ადევნება. ვერის პოლიციამ დამაკავა ვარკეთილში. დაკავების დროს ტელეფონზე ბლოკი მომახსნევინეს, უნებართვოდ შევიდნენ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ინფორმაციას ნახულობდნენ, რა ინფორმაციას, არ ვიცი. განყოფილებაში მითხრეს, დროშის დაწვა კარგი იყოო? დროშის დაწვა დანაშაული არ არის, ამიტომ შემდგომ წამიყენეს ბრალი, რომ ვითომ პოლიციას არ დავემორჩილე". - განაცხადა უჩა ქემაშვილმა.