ახალი საფრთხის შემცველი მშენებლობა თბილისში - ვინ ჭრის კლდეს?

29.05.25 12:07
ახალი საფრთხის შემცველი მშენებლობა თბილისში - ვინ ჭრის კლდეს?

ახალი საფრთხის შემცველი მშენებლობა თბილისში - სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დეპუტატის კომპანია კორპუსების ასაშენებლად კლდეს ჭრის.

ძოწის ქუჩაზე გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სპეციალისტების შეფასებით, მშენებლობისთვის სახიფათო ტერიტორიაა შერჩეული, რადგან კლდის მოჭრის შემთხვევაში, არის რისკი, რომ ადგილზე მეწყრული პროცესები გააქტიურდეს. 

ძალიან სახიფათოა ასეთი ჩარევა ყოველთვის. ამ ფერდობის მოჭრა მეწყრული პროცესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმძვრელია. მითუმეტეს, თუ აქ საცხოვრებელი სახლის და საკმაოდ დიდი მრავალსართულიანი კორპუსების ჩადგმა იგეგმება, ძალიან დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი და ასევე პროექტი უნდა შედგეს, როგორ შეიძლება ამ მეწყრული პროცესების შეჩერება თუ დაცვა. ნუცუბიძის ფერდობზე ძალიან ინტენსიური განაშეიანება ხდება და საფუძვლიანად შესწავლილი არ არის რა შედეგები მოჰყვება ამას. ეს პროცესები შეიძლება მალე გამომჟღავნდეს, შეიძლება ხანგრძლივი დროის შდეგ დაიწყოს"-  ამბობს სეისმოლოგი, ზურაბ ჯავახიშვილი.

მძიმე პროგნოზს აკეთებს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძეც. ის მიწისძვრის დროს საშიში პროცესების გამვითარებას არ გამორიცხავს:

საშიში ფერდია, საშიში ადგილია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მანდ ასეთი ჩარევა, რასაც ჰქვია კლდის ჭრა. საშიშია იმიტომ, რომ ლისის ანტიკლინია, შესაძლებელია მანდ ძალიან დიდი მიწისძვრა მოხდეს. ყველა პირობაა იმისთვის, რომ მეწყრული პროცესების ტრიგერირება მოხდეს ან მიწისძვრის დროს, ან გამოფიტვის, ან წვიმის გამო და ა.შ. ისედაც მეწყრულია იმიტომ, რომ არამდგარდი სისტემაა მთლიანად ფერდობი - განმარტავს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე.

მინდელის ქუჩის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსებს "თეთრი კვადრატი" აშენებს - სამშენებლო სამუშაოებს კი "ბიქეი ქონსთრაქშენი" ახორციელებს.

ადგილზე მისულ "პირველებს" უთხრეს, რომ ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან მშენებლობაზე ნებართვა მერიამ და საკრებულომ გასცა.

"თეთრი კვადრატის" 50 %-იანი წილის მფლობელი "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ბერეკაშვილია. ის კახა კალაძის ახლო გარემოცვის წევრად მიიჩნევა. 

"პირველები" "თეთრი კვადრატის" პრესსამსახურს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, აქვთ თუ არა გეოლოგიური დასკვნა, ჟურნალისტმა კომპანიის წარმომადგენლისგან პირობა მიიღო, რომ დოკუმენტს გადმოუგზავნიდა, თუმცა მას ამ დრომდე ველოდებით. 

ოპოზიციას აინტერესებს, როგორ მიიღოო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა კლდეზე. "ქართული ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ურბანული გენოციდის კიდევ ერთი მაგალითია.

მსგავსი სიახლეები