მელიას გატაცების საქმე - იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელმაც ავტომობილებიდან სათვალთვალო კამერები მოგლიჯა

02.06.25 11:18
მელიას გატაცების საქმე - იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელმაც ავტომობილებიდან სათვალთვალო კამერები მოგლიჯა

იდენტიფიცირებულია პოლიციელი, რომელმაც ნიკა მელიას გატაცების მთავარი მტკიცებულებები გაანადგურა. „პირველების“ ინფორმაციით, ლევან მაისურაძეა ის ძალოვანი, რომელმაც 2 ავტომანქანიდან ვიდეო სათვალთვალო კამერები მოგლიჯა.

სწორედ ამ კამერებს ჰქონდა გადაღებული ოპოზიციის ლიდერის დაკავება.

მაისურაძის ამოცნობა, მელიას თანმხლებმა პირებმა შეძლეს. სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი კადრები მნიშვნელოვანი ვიდეომტკიცებულება უნდა ყოფილიყო, რადგან იმ ადგილას, სადაც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება მოხდა, არცერთი სათვალთვალო კამერა დამონტაჟებული არ არის.

პირი, რომელიც ნიკა მელიას ახლდა, ამბობს, რომ კაცი, რომელმაც კამერები ჩამოგლიჯა, ნამდვილად ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც „პირველების“ ჟურნალისტის მიერ ნაჩვენებ ფოტოზეა ასახული, უბრალოდ მას მელიას დაკავების დღეს სამოქალაქო ფორმა ეცვა.

კამერები ჩამოგლიჯა წინა მანქანაზეც და იმაზე, რომელსაც მე ვმართავდი. მერე კიდევ რაღაცას ეძებდნენ, ბლოკი ეყენებათ ცალკეო, ეხმარებოდა რამდენიმე ადამიანი, დაშალეს კაბელი სადაც გადიოდა, უკანა თვალის კაბელი მოაძრეს. სახე არავის ჰქონდა დაფარული. ეს იყო, უბრალოდ ფორმის გარეშე, თეთრი საროჩკით. დანარჩენი არ მახსოვს, ესეც იმიტომ მახსოვს, რომ კამერა ჩამოხსნა ჩემს მანქანაზე,-უყვება “პირველებს“ პირი, რომელიც მელიას გატაცების დროს ერთ-ერთ მანქანას მართავდა. 

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.