საჯარო სამსახურებში წმენდა გრძელდება - ფინანსთა სამინისტროდან 14 წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი გაუშვეს

02.06.25 12:01
საჯარო სამსახურებში წმენდა გრძელდება - ფინანსთა სამინისტროდან 14 წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი გაუშვეს

საჯარო სამსახურებში წმენდა გრძელდება. ფინანსთა სამინისტრო დაატოვებინეს ქალს, რომელმაც 14 წელი იმუშავა საჯარო სამსახურში.

ნატო ბოლქვაძე საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს ის მთავარი ანალიტიკოსია, რომელმაც დაგმო ევროკავშირთან შეჩერებული მოლაპარაკებები და საკუთარი პოზიცია პეტიციაზე ხელმოწერით დააფიქსირა. სახლში გაშვების ოფიციალურ მიზეზად უწყებამ დისციპლინური გადაცდომა ჩაწერა.

თავად ბოლქვაძე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ თანამშრომლების ნაწილს პეტიციაზე ხელმოწერების უკან გახმობა მოუწია, რადგან სწორედ ამას მოითხოვდნენ მათგან.

საკმაოდ რთული პროცესი დაიწყო როგორც კი პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. რაღაც ოდენობის თანამშრომელს მაშინ მოუწია, პეტიციაზე ხელმოწერების უკან გახმობა. ეს მოუწია იმიტომ, რომ მოთხოვნა იყო ძალიან მკაფიო და გასაგები, რომ ხელმოწერები უკან უნდა წაეღოთ. მოგვიანებით, რაღაც ეტაპის მერე, ჩნდება სამსახურეობრივი მონიტორინგის დეპარტამენტი. ის ხელმომწერი და დაჯარიმებული ადამიანები დაიბარეს, მათზეც გამოყენებული იქნა გაფრთხილებები. დაახლოებით მსგავსი ტექსტებით შედგა საუბარი, რომ "აბა, ომი გინდა?" ანუ მათ გამოიყენეს მმართველი პარტიის მიერ წარმოთქმული ნარატივები. ჯერ კიდევ დისციპლინურის გაცნობაც ვერ მოვასწარი, დაიწყო მეორე დისციპლინური წარმოება, ეს იყო 23 მაისს და 30-ში უკვე ჩამბარდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, - ამბობს ნატო ბოლქვაძე. 

პროფკავშირების თანამშრომლები, რომელიც გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ინტერესებს იცავენ, ამბობენ, რომ საჯარო სამსახურებში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. 

ეს რეპრესიების ახალი ფორმაა, რეორგანიზაციების ტალღა უკვე იმ ფაზაშია, რომ ველოდებით კონკრეტულ შედეგებს და ამ მიმართულებით, ბუნებრივია, გრძელდება რეპრესიები. რეპრესიებია საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე საქართველოს პარლამენტში, უამრავ თანამშრომლის მიმართ გამოცხადდა, რომ ერთ თვეში იქნებიან გათავისუფლებულები. იყენებენ ისეთ ფორმებს, როგოიც არის დისციპლინური სამართალწარმოება და სწორედ ამ ერთგვარი დისციპლინური მექანიზმებით ხდება შევიწროება და დევნა საჯარო სამსახურებში, - ამბობსკახი სამხარაძე. 

ნატო ბოლქვაძეც და ასევე საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლებიც, სამართლებრივ დავას აანონსებენ. არ გამორიცხავენ, რომ შედგეს საკონსტიტუციო სარჩელიც.