ერთდღიანი გაფიცვა ილიას უნივერსიტეტში-სტუდენტები და ლექტორები ჭავჭავაძეზე იკრიბებიან

02.06.25 13:55
ერთდღიანი გაფიცვა ილიას უნივერსიტეტში-სტუდენტები და ლექტორები ჭავჭავაძეზე იკრიბებიან

ერთდღიანი გაფიცვა ილიას უნივერსიტეტში დაიწყო-სტუდენტები და მათი ლექტორები ამ წუთებში ჭავჭავაძეზე არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები დაკავებული სტუდენტების-ლიკა ლორთქიფანიძის, თათია აფრიამაშვილის  და ლუკა ნაცვლიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, სადაც ასევე გაჟღერდება ერთ-ერთი დაკავებულის, ლიკა ლორთქიფანიძის გზავნილი.

ჩვენი ორი სტუდენტი, ლიკა და ლუკა, უკანონო პატიმრობაში არიან, ლიკა ციხიდან გვეკონტაქტება და გვეუბნება, რომ გვიერთდება ამ ბრძოლაში. დამნაშავედ არ გრძნობს თავს. ის უყურებს ტელევიზორს და  გვინდა, რომ ამისთვისაც ვიყოთ მობილიზებულები, რადგან მას ძალიან გაუხარდება ჩვენი ნახვა. ეს გაფიცვა იმას ემსახურება, რომ სტუდენტების პატიმრობის გამო, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვერ გრძელდება, ისინი ვერ ახერხებენ დაესწრონ ლექციებს. მათი ლექტორებიც უერთდებიან გაფიცვას. ვცდილობთ ამით გავამხნევოთ სტუდენტები, რადგან ვხედავთ, რომ რეპრესიების ახალი ტალღა რაღაცნაირად სტუდენტებისკენაა მომართული. იქნება სიტყვით გამოსვლები, გავაჟღერებთ ლიკას სიტყვებს და ყველაფერს ვიტყვით, რასაც ვფიქრობთ, რომ სათქმელია,-ამბობს ანანო აბულაძე.

მისივე თქმით, ილიაუნის სტუდენტებს სამედიცინო უნივერსიტეტიდან სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან და საღამოს მარშით რუსთაველისკენ გადაინაცვლებენ.