ლექციების ნაცვლად ქუჩაში-სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სოლიდარობა დაჭერილ ახალგაზრდებს
ლექციების ნაცვლად ქუჩაში-ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ახლა აუდიტორიის ნაცვლად ქუჩაში დგანან და დაჭერილ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ.
ამ წუთებში სტუდენტები შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართავენ და ამბობენ, რომ “ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც 2 სტუდენტი გოგონა და ბათუმში დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილი მხოლოდ იმიტომ არიან ტყვეობაში, რომ რეჟიმმა ასე გადაწყვიტა, რადგან მათი პირდაპირობა არ მოსწონს.“
ილიაუნისთან იმყოფებიან თეატრალური უნივერსიტეტის ის სტუდენტებიც, რომლებსაც ცოტა ხნის წინ, საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გარიცხვა ემუქრებოდათ.
ჩვენ შეჩერებული გვქონდა სტატუსი 1 კვირის განმავლობაში, გვაქვს ჯარიმებიც. ამ დროის განმავლობაში ვისწავლეთ ის, რომ ეს ადამიანები გვაძლევენ იმის გამოცდილებას, ვიყოთ უფრო მხნეები და მოგვცეს ძალა, რომ არ შეგვეშინდესა არანაირი უსამართლობის. სხვა უნივერსიტეტშიც იგივე ხდებოდა, ვიღებდით არაერთ შევიწროებას და დღეს მოხდა ის, რომ 2 სტუდენტი დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ გააჟღერეს ფრაზა “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“,- აცხადებს ნინი გოგია.
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ლექტორებმაც, რომლებიც ამბობენ, რომ “ეს უნდა იყოს განგაშის სიგნალი სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც“.
მინდა, მივმართო სხვა უნივერისტეტის სტუდენტებს და ლექტორებსაც, მეგობრებო, ეს თქვენ გეხებათ. როდესაც ატყობთ, რომ თქვენ ასწავლით რაღაც საგნებს, იცით რა კარგია სამართლიანობა, გვაქვს პროექტები მესამე მისიაზე უნივერსიტეტის და უცბად ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს სტუნდენტს, თავისი აზრის გამოთქმისთვის, რომელიც შესაძლოა, არ იყო სახარბიელო სიტუაციაში გამოთქმული, რადგან იქ იყვნენ პატარა ბავშვები, უსამართლოა ის სასჯელი, რაც მისცეს და ჩასვეს ციხეში. ციხეში ჩასმა საკუთარი აზრის გამოთქმისთვის არის დიდი საგანგაშო სიგნალი, მიუხედავად იმის, მოგწონთ თუ არა ის აზრები. ეს არავის მოუტანს სარგებელს და შექმნის ისეთ სახიფათო სიტუაციას, როცა თქვენც შეგეშინდებათ, თქვენი აზრი გამოთქვათ. ასეთი პატარა ნაბიჯებით, თანდათან მყარდება დიქტატურა, შეიწუხეთ ცოტა თავი და ამოიღეთ ხმა“,- განაცხადა პროფესორმა, ქეთევან გურჩიანმა.
პროტესტი ილიაუნისთან გრძელდება, აქციის მონაწილეებს დღეს საპროტესტო მარშიც აქვთ დაგეგმილი.