ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება

02.06.25 17:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება. ამ განცხადებას ე.წ პრეზიდენტი ბადრა გუნბა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან აკეთებს. 

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ სუსი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაგეგმილი არ იყო. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციას, ექსპერტებს და ამ თემით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდა, რომ ოჩამჩირეში, ანაკლიიდან რამდენიმე კილომეტში, საკონტეინერო გადაზიდვების ტერმინალი შენდებოდა.

ანალიტიკოსები საფრთხეებზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნება" არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი საბრძოლო პოლიგონად არ აქციოს. 

რუსეთის ფედერაცია ამზადებდა საზღვაო ბაზას ოჩამჩირის საზღვაო პორტში. გახსოვთ თქვენ მაშინ სუსის განცხადებები, რომ ეს ასე არ არის, ამას სჭირდება წლები, მაგრამ ყველა სამუშაოები უკვე ჩატარებულია. ფაქტობრივად, საზღვაო პორტი  მზადაა მისაღებად გემების და უკვე განლაგებულია იქ ორი გემი, მაგრამ გემების განლაგებას სჭირდება იქ მატერიალურ-ტექიკური ბაზა. ეს ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, დღეს ე.წ. ხელშეკრულებაზე დაყრდნობით დაიწყო მატერიალურ-ტექიკური ბაზის მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენ ვღებულობთ სამხედრო  საბრძოლო ბაზას, რომელიც ჩართული იქნება დასავლეტთან ომში, უკრაინასთან ომში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი უკრაინის მხრიდან და ამაზე ზელენსკიმ არაერთხელ თქვა. ეს არის ცალსახად. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ იურიდიულად გამოდის, რომ საქართველო ღებულობს დარტყმას, - ამბობს პაატა დავითაია.  

საფრთხეებზე საუბრობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძეც.  

ყველა შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური სამიზნე რუსეთის მოწინააღმდეგეების, ამ შემთხვევაში, უკრაინის. ეს პორტი ანაკლიიდან, დაახლოებით, 25-30 კმ-ის დაშორებით არის და რა თქმა უნდა, ამ ინვესტიციისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ერთ-ერთი მიზეზი ამ პორტის აქ განთავსებისა, ესეც არის,  შეუშალოს ხელი საქართველოს ინტეგრაციას ამ სატრანზიტო გზაზე, დერეფანში, - ამბობს ანდრო გოცირიძე.  

"ქართულ ოცნებას" კი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ გაავრცელა სუსმა მცდარი ინფორმაცია, როდესაც ამტკიცებდა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა დაგეგმილი არ იყო. 

საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20%, არის ოკუპირებული ოკუპანტი ქვეყნის მიერ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი საზოგადოებისა, ჩვენი ხელისუფლებისა, რომ დასრულდეს ოკუპაცია და ჩვენ ოს და აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად შევძლოთ ერთიან ქვეყანაში ცხოვრება, - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

"ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი კი კითხვის საპასუხოდ ამტკიცებს, რომ ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევა სწორედ ოპოზიციის სურვილი იყო.  

რადიკალები, მათ შორის, თვენი ტელევიზიის მეშვეობით ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ, რომ საქართველო გამხდარიყო საომარი მოედანი და ყველანაირ პროვოკაციაში ჩავრთულიყავით და ამ ქვეყანაში ამტყდარიყო ომი. ამიტომ, არანაირი გულისწყვეტა, დარწმუნებული ვარ, ამ რისკებთან დაავშირებით თქვენ არ გაქვთ. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ჩემთვის უცნობია დეტალები, თუმცა ნებისმიერი მოქმედება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდება, არის უკანონო და რა თქმა უნდა, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, - ამბობს ნინო წილოსანი.