კრიტიკულ მედიას რთული პერიოდი ელოდება... საჩივრები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ჟურნალისტი შეიზღუდოს - მიგინეიშვილი
ტელეკომპანია პირველის იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი ვარაუდობს, რომ FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ, კრიტიკულ მედიას წინ რთული პერიოდი ელოდება - მისი განმარტებით, სავარაუდოა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მედიის წინააღმდეგ არაერთი საჩივარი მოამზადოს, რაც მიგინეიშვილის შეფასებით, ჟურნალისტების შეზღუდვის კიდევ ერთი მეთოდი იქნება.
"სავარაუდოდ, ყოველდღიურად გამოყენებული იქნება საჩივრები, რათა ჟურნალისტმა ფაქტები ისე გააჟღეროს, რომ ეს "ქართული ოცნებისთვის" უხეშად მოსასმენი არ იყოს" - ამბობს არხის იურისტი.
შემდგომი პერიოდი კიდევ უფრო რთული იქნება კრიტიკული მედიისთვის იმიტომ, რომ ყოველდღიურად, სავარაუდოდ, იქნება გამოყენებული მსგავსი საჩივრები იმისთვის, რომ შეიზღუდოს როგორმე ჟურნალისტი, რომ მან არც საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს და ფაქტებიც ისე გააჟღეროს, რომ ეს "ქართული ოცნებისთვის" არ იყოს უხეშად მოსასმენი.
ცალსახად, რასაც ითხოვს კანონი და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არის შეუძლებელი იმიტომ, რომ შეუძლებელია ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში, ახალი ამბის მიმდინარეობის დროს გამიჯნოს ფაქტი მოსაზრებისგან. ასეთ შემთხვევაში უნდა დადგეს ჟურნალისტი და ტერმინის გამოყენების დროს უნდა თქვას, მე ახლა გაწვდით ფაქტს, აი ახლა გაწვდით მოსაზრებას. სამწუხაროდ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ განცდა, რომ საზოგადოება ვერ აღიქვამს და ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ფაქტს და მოსაზრებას", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მიიღო, ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
FARA-ს ამოქმედების შემდეგ, "ქართული ოცნება" ტელეკომპანია პირველს და ტელეკომპანია ფორმულას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ივანიშვილის გუნდი მედიას ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის, როგორიცაა - "ოლიგარქი"; "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..