FARA, ფაქტობრივად, ემსახურება იმას, რომ მედიები აღარ არსებობდნენ და კრიტიკული კითხვა აღარ დაისვას - ზაუტაშვილი
FARA, ფაქტობრივად, ემსახურება იმას, რომ მედიები აღარ არსებობდნენ და კრიტიკული კითხვა აღარ დაისვას, - ამის შესახებ ნინო ზაუტაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის განმარტებით, ქართული მედია "დრაკონულ კანონს" სამართლებრივი გზით უნდა ებრძოლოს, რადგან მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "აბსურდული კანონი" უკან არ იქნება გაწვეული, საზოგადოება როგორც თავდაცვის ბერკეტებს, ასევე ქვეყანას დაკარგავს.
ჩვენ ამ კანონის (FARA) წინააღმდეგ სამართლებრივად უნდა ვიბრძოლოთ. ფაქტობრივად, ეს იმას ემსახურება, რომ მედიები აღარ არსებობდნენ, კრიტიკული კითხვა აღარ დაისვას. მედიის გაქრობას გვიწინასწარმეტყველებენ. ეს ასე იკითხება და ჩანს. ყოველ დღე ვიღვიძებ და ახალი, კიდევ უფრო სასტიკი ამბავი გვხვდება. მე არ მგონია, რომ ადამიანზე დიდი ძალა ჰქონდეს ნებისმიერ კანონს. შესაბამისად, ეს კანონი აუცილებლად უნდა იყოს უკან გაწვეული, რადგან აბსურდულია...
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს დარტყმა ჩვენზე არის ირიბი დარტყმა მათზე. ეს კანონი ეხება აბსოლუტურად ყველას. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ამ დრაკონული კანონის წინაშე უძლური აღმოჩნდეს. მედია თუ არ იქნება, საერთოდ არაფერი აღარ იქნება. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დავკარგავთ, საზოგადოება დაკარგავს თავდაცვის ბერკეტს". - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" FARA, რომელიც სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტმა მიიღო, ძალაში 31 მაისს შევიდა. კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება.
FARA-ს ამოქმედების შემდეგ, "ქართული ოცნება" ტელეკომპანია პირველს და ტელეკომპანია ფორმულას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ივანიშვილის გუნდი მედიას ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის უჩივის, როგორიცაა - "ოლიგარქი"; "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..