აქტივისტების საქმეები - რა ჩვენება მისცა არჩილ მუსელიანცის პროცესზე მოწმე პოლიციელმა

03.06.25 21:04
აქტივისტების საქმეები - რა ჩვენება მისცა არჩილ მუსელიანცის პროცესზე მოწმე პოლიციელმა

პოლიციელი, რომელიც 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დადიოდა და დემონსტრანტებს საკუთარი მობილურით სახეზე ახლო კადრით ფოტოებს უღებდა, დღეს პროკურატურამ არჩილ მუსელიანცის საქმეზე მოწმედ მოიყვანა. ვანო გავაშელიშვილი ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, მის ობიექტივში რამდენიმე საათით ადრე მოხვედრილი მუსელიანცი ამოიცნო და პატაკით გამომძიებელს მიმართა.

გავაშელიშვილი ქალაქის დეტექტივების სამმართველოს ის თანამშომელია, რომლის გვარიც  საბა სხვიტარიძის დაკავების საქმეშიც ფიგურირებს. პროევროპული აქციების მონაწილეს, რომელსაც კამერების დაწვის ბრალდებით ციხეში 6 წლით უპირებენ გაშვებას, ხელბორკილები სწორედ მისი პატაკის საფუძველზე დაადეს.

მოწმეს დღეს განსასჯელის სკამზე მყოფი 22 წლის პატიმრის კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა. ტელეფონში ვერც მის მიერ 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოები და ვერც სახის ამომცნობი პროგრამა იპოვა.

მის ჩვენებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ პროცესიდან აქტივისტი მხოლოდ იმის გამო გააძევა, რომ გავაშელიშვილის ჩვენებაზე გაეცინა.

სასამართლომ დღეს მოუსმინა შინაგან საქმეთა სამინსიტროს ექსპერტებსაც, რომლებმაც საქმეში ჩადებულ დამონტაჟებულ ვიდეოკადრებზე დასკვნაში არაფერი დაწერეს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.