"საქალაქოს გადაწყვეტილებას ქრთამის სუნი ასდიოდა" - რძის სკანდალმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა
რძის სკანდალმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა - ამ წუთებში სასამართლო კომპანია "ჩირინასა" და "ყვარლის ბაგას" შორის მიმდინარე დავას განიხილავს.
მეორე ინსტანციის უსამართლოს კომპანია "ჩირინა" საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სთხოვს, რომლის მიხედვითაც კომპანიას ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილისთვის 4,7 მლნ ლარის გადახდა დააკისრა.
- პაპაშვილის კომპანია ირწმუნება, რომ 200-მდე ძროხა მას მერე დაეხოცა, რაც "ჩირინასგან" ნაყიდი ქათმის სკლინტი აჭამეს.
- კომპანია "ჩირინას" მფლობელი ბრალდებას უარყოფს და არ გამორიცხავს, რომ საქალაქო სასამართლომ მის წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილება ქრთამის გამო მიიღო.
"გადაწყვეტილებას ქრთამის სუნი ასდიოდა" - ამბობს შპს "ჩირინას" მფლობელი, რევაზ ვაშაკიძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისას.
ბიზნესმენის თქმით, მან გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა, თუმცა პროკურატურამ მისი განცხადება არ მიიღო.
ვთვლი, რომ იმ გადაწყვეტილებას ქრთამის სუნი ასდიოდა. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია. ქრთამის სუნში იმას ვგულისხმობ, რომ ან შეპირებული იყო თანხას, ან რაღაც იყო. იმიტომ, რომ არ შეიძლება, მოსამართლემ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის სასამართლო ორგანოების შესასწავლი საგანი. ვისგან მოდიოდნენ "მიშები" და "თუშები" და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. გეტყვით, რომ მე ამის თაობაზე პროკურატურაშიც შევიტანე განცხადება, რომ ეს საკითხი უფრო მეტად განხილულიყო. მივმართე ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, მაგრამ პროკურატურამ არ მიიღო ეს განცხადება.
ადვოკატი გიორგი გეწაძე ამბობს, რომ პრეპარატს, რომელსაც მოსაჩელე მხარე სადავოდ ხდის, კომპანია "ჩირინა" საერთოდ არ იყენებს, თუმცა რომც გამოეყენებინა ამაში სადავო არაფერი იქნებოდა, რადგან კანონი მის გამოყენებას არ კრძალავს.
მოსარჩელის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თითქოს შპს "ჩირინამ" დაარღვია ხელშეკრულების ერთი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მიწოდებულ საქონელში არ უნდა ყოფილიყო აკრძალული პრეპარატის ნარჩენი. შემდეგ ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევა დარღვევით, დარღვევით აიღეს ნიმუში, არააკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა მიიღეს, სადაც წერია, რომ აღმოაჩინეს "ტეტრაციტინი". საქმე იმაშია, რომ ამ "ტეტრაციტინით" უნდოდათ გასვლა ხელშეკრულების მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ აკრძალული პრეპარატის ნარჩენი არ უნდა ყოფილიყო საქონელში, მაგრამ "ტეტრაციტინი" მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არ წარმოადგენს აკრძალული პრეპარატის ნარჩენს.
როდესაც ცხოველის საკვების დამზადება ხდება, განსაკუთრებით, ნივთიერებების შერევის შედეგად, როგორც თვითონ "ყვარლის ბაგის" წარმომადგენლება განმარტეს, ამ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მწარმოებელს, ჩვენს შემთხვევაში "ყვარლის ბაგას". რაც შეეხება იმას, ვიცოდით თუ არა მიზნობრიობის შესახებ, შპს "ჩირინას" არავითარი ინფორმაცია არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ დავა "ოცნებასთან" დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ლაშ პაპაშვილმა დაიწყო. პაპაშვილს ნედლი რძის მწარმოებელი კომპანია აქვს, ის ყიდულობდა ქათმის ნაკელს ვაშაკიძის მეფრინველეობის ქარხნიდან, თუმცა მოულოდნელად "ჩირინას" ხელმძღვანელს უჩივლა და ამტკიცებდა, რომ ნაკელი ისეთ ნივთიერებებს შეიცავდა, რომელმაც რძე გაუფუჭა, საქონელი კი დაუხოცა.