რძის სკანდალი - რა თქვა სასამართლოზე კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელმა

04.06.25 17:58
რძის სკანდალი - რა თქვა სასამართლოზე კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელმა

 

კომპანია "ჩირინასა" და კომპანია "ყვარლის ბაგას" შორის სააპელაციო დავა ამ წუთებში მეორე ინსტანციაში ისევ გრძელდება.

მოსამართლეთა კოლეგიას ცოტა ხნის წინ სიტყვით მიმართა "ჩირინას" დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ და თქვა, რომ მას კანონი არ დაუღვევია და  ბრალდებები გამოგინილია.

კომპანია "ჩირინა" საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც მას ხუთ მილიონამდე ლარი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილისთვის  გადასახდელად დაეკისრა.  

  • პაპაშვილის კომპანია ირწმუნება,  რომ 200-მდე ძროხა მას მერე დაეხოცა, რაც "ჩირინასგან" ნაყიდი ქათმის სკლინტი აჭამეს.
  • კომპანია "ჩირინას" მფლობელი  ბრალდებას უარყოფს და არ გამორიცხავს, რომ საქალაქო სასამართლომ მის წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილება ქრთამის გამო მიიღო.

რევაზ ვაშაკიძემ, სასამართლოს წინაშე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქათმის ნაკელის საკვებად გამოყენება საქონლისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, თუმცა ბიზნესმენის განცხადებით, მან არ იცოდა რომ "ყვარლის ბაგამ" ნაკელი სწორედ ძროხების გამოსაკვებად შეიძინა, ამიტომ მათ დახოცვაში საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

“საერთოდ [ცხოველს] ქათმის ნაკელი აჭამო, ეს არის ლეტალური ცხოველებისთვის. ის მეთოდი, რომლითაც ისინი მას იყენებდნენ, შეცდომა იყო. იმიტომ, რომ საჭიროა ავტოკლავირება ნაკელის, როდესაც საკვებად იყენებ. ისინი უბრალოდ რამდენიმე დღეს ტოვებდნენ, ვითომ [ნაკელი] თვითონ დაიწვებოდა.

არასწორად ხდებოდა [ქათმის ნაკელის] დამუშავება. ქათმის ნაკელი არის ლეტალური ცხოველებისთვის. მე რომ მკითხოთ, კიდევ კარგად გადარჩნენ!

ლაბორატორიაში, როდესაც გამოიკვლიეს, არც იქ არ იყო აღმოჩენილი ნაკელში "ტეტრაციკლინი". ასე რომ, გაუგებარია საერთოდ რას იხილავენ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები საქმის კურსში არიან და ცდილობენ საქმის უფრო დეტალებში გაერკვენ”, - განაცხადა „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ.

"ჩირინას" დამფუძნებელი ამბობს იმასაც, რომ სააპელაციო საამართლოს მიერ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, მას საქართველოში ინვესტირების შეწყვეტა მოუწევს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ინვესტორი ვარ და მე ვაპირებ ამ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებას და განვითარებას. მე თუ ხელშეკრულება დავდე, შევასრულე ჩემი პირობა და უცებ აღმოჩნდა, რომ იმას ძროხა მოუკვდა, საქმეები გაუფუჭდა, ამაზე პასუხისმგებლობას მე ვერ ავიღებ. ეს იქნება პრეცენდენტული, ასეთი რაღაც რომ მოხდეს და პასუხისმგებლობა მე დამაკისრო, მაშინ დავემშვიდობოთ საერთოდ ინვესტიციას - ამბობს "ჩირინას" დამფუძნებელი რამაზ ვაშაკიძე.

 

მსგავსი სიახლეები