"ვიბრძოლებთ სტუდენტების თავისუფლებისთვის" - დემონსტრანტებმა კანცელარიასთან ბანერი გაშალეს
თათია აფრიამაშვილის და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდასაჭერმა საპროტესტო აქციამ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა - მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ, აქციაზე ის ბანერი გაშალეს, რომლის გაშლის საშუალებაც გუშინ სეუ-სთან არ მისცეს.
"ვიბრძოლებთ სტუდენტების თავისუფლებისთვის" - წერია საპროტესტო ბანერზე. ადგილზე დაკავებული სტუდენტების მეგობრებისა და მხარდამჭერების გარდა, თათია აფრიამაშვილის დედაც იმყოფება. მელანო ცეცხლაძე მოითხოვს, რომ "დედებს შვილები დაუბრუნონ".
ვერ შეაშინებს, ვერ ჩაახშობს ახალგაზრდების ხმას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. არ დავნებდებით. ბავშვები გამოკეტილები არიან. დღეს კიდევ ერთი გოგონა დააკავეს, ალბი კორძაია 10-დღიან პატიმრობაში გაუშვეს. ბავშვებს გამოკეტავენ კიდევ და გამოვალთ აქ. წინააღმდეგობას გავუწევთ. დაგვიბრუნონ დედებს შვილები." - განაცხადა მელანო ცეცხლაძემ.
მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.
საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და "ქართული ოცნების" მმართველობა შეძახილებით გააპროტესტეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.