თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს საკანში დედის და მეგობრების წერილის დატოვების უფლება არ მისცეს - ადვოკატი
"თათია აფრიამაშვილს საკანში დედის, მეგობრების და ახლობლების წერილები აღარ დაუტოვეს, ადმინისტრაციამ “შეუნახა” გასვლამდე" - ამის შესახებ ადვოკატი ვერიკო გაგუა Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
მისივე ინფორმაციით, იგივე პრობლემა შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე დაკავებულ სტუდენტთან, ლიკა ლორთქიფანიძესთანაც.
თათია აფრიამაშვილს საკანში დედის, მეგობრების და ახლობლების წერილები აღარ დაუტოვეს, ადმინისტრაციამ “შეუნახა” გასვლამდე.
ლიკა ლირთქიფანიძესთან წერილის დატოვების უფლებაც არ მისცეს, მომიწია ზეპირი გამამხნევებელი და ემოციური დანაბარების გადაცემა.
არ დაანებეს, რომ ის სიტყვები წაეღოთ, სადაც დედის, მეგობრების, ოჯახის სიყვარული იკითხება. ეს სითბო და სიმშვიდე, რომელიც ერთადერთი სანუგეშოა ამ რკინის გისოსებში– მათ წაართვეს.
ძნელია სიტყვებით გადმოვცე, რას ნიშნავს ჩემთვის უკანონოდ დაკავებული ადამიანის თვალებში ჩახედვა – იქ შიში არ არის, იქ ძალაა. რწმენა, რომ ბრძოლა გრძელდება.
ადამიანის პატიმრობა კი არა, ეს უკვე ემოციური იზოლაციაა, და საზოგადოებამ სწორედ ასე უნდა დაინახოს.
ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ძლიერი, თუ ამ სიძლიერის ფასი უდანაშაულო ქალების სულიერი გატეხვაა.ეს არ არის სამართალი. ეს არის მორალური კოლაფსი. - თუმცა მე დღეს გოგოების ნახვის შემდგომ ათმაგად დავიმუხტე ენერგიით. ენერგიულები, მებრძოლები პოზიტიურები და ძალიან მიზანდასახულები… იციან რაც უნდათ და რისთვის იბრძვიან." - წერს ვერიკო გაგუა.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, ილიაუნელებს - ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ მარიამ ლაშხთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და "ქართული ოცნების" მმართველობა შეძახილებით გააპროტესტეს.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი" - სკანდირებდნენ აქტივისტები.