დავით ლომიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა - რას ამტკიცებდა საქმის გამომძიებელი სხდომაზე
სიტყვიერი დაპირსპირების ფონზე მიმდინარეობდა დღეს დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი - მოწმედ გამოძახებული საქმის გამომძიებელი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულების მიერ ნასროლი ნივთების შედეგად გდდ-ს თანამშრომლები დაზიანდნენ.
ასევე პოლიციელი ირწმუნებოდა, რომ გდდ-ს თანამშრომლებმა ფოტოსურათის მეშვეობით ამოიცნეს დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.
დაზარალებულები არიან გდდ-ს თანამშრომლები. მათი მისამართით აქციის თანამშრომლების მხრიდან დაიწყო სხვადასხვა საგნების სროლა, პიროტექნიკის გამოყენება. აღნიშნულმა პირებმა აქციაზე შეამჩნიეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მათი მისამართით ისროდნენ ნივთებს და მათ შორის შეამჩნიეს ორი ადამიანი, რომლებმაც დაიწყეს ცეცხლმოკიდებული ბოთლების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება, ნაწილი მოხვდა წყლის ჭავლის მანქანებს, ნაწილი დაეცა წყლის ჭავლის მანქანების წინ. მოხდა მათი ამოცნობა ფოტოსურათის მეშვეობით", - თქვა მოწმემ.
საქმის გამომძიებელს კითხვები დღეს დაუსვა თავად ბრალდებულმა დავით ლომიძემაც, თუმცა მას პროკურორმა სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა და მოწმეს კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.
ამას დავით ლომიძის მხრიდან გაღიზინება მოჰყვა, რის შემდეგაც მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გაფრთხილება მისცა და უთხრა, რომ დარბაზიდან გააძევებდა, ამის შემდეგ ლომიძემ პროტესტის ნიშნად სხდომა თავად დატოვა.
თუმცა სანამ დარბაზს დატოვებდა, მანამდე სასამართლოს უთხრა, რომ არანაირ ოქმზე და საბუთზე მისი ხელმოწერა არ არის.
არანაირ საბუთზე ჩემი ხელმოწერა არ არის, ვიღაც აწერდა ჩემს ნაცვლად, ამიტომ წაიღეთ ექსპერტიზაზე - თქვა ლომიძემ.
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.