ტრაგედია ხაშურში - რას ამბობენ მეზობლები 9 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე

05.06.25 15:51
ტრაგედია  ხაშურში - რას ამბობენ მეზობლები 9 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე

ტრაგიკული შემთხვევა ხაშურში - ადგილობრივები 9 წლის მოზარდის გარდაცვალების შესაძლო მიზეზებზე საუბრობენ. საქმე ეხება ცხრა წლის მოზარდს, რომელიც საკუთარ სახლში მამამ გარდაცვლილი ოპოვა. უგონო მდგომარეობაში მიაგნეს მოზარდის დედასაც. ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება.

მეზობლების თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდო ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია განიხილება და შესაბამისი ექსპერტიზები ტარდება.

8 საათზე, ალბათ 9-ის ნახევარზე შეგვატყობინეს, უფრო სწორად ხმაურზე გავიგეთ. ბიჭები ვიდექით აქ, გავედით და ვნახეთ ეგ სიტუაცია. ბავშვი გარდაცვლილი, დედა კი ცუდად იყო. ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ, ჯერ ზუსტი პასუხი არ ვიცით, ექსპერტიზაზე ჰყავთ.

სოკო არ აქვს ნაჭამი. სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი აქვს ნაჭამი, მგონი ძეხვიო, ლობიანიო, მეტი არაფერი.

აიღეს იქიდან ყველაფერი და წაიღეს ექსპერტიზაზე რაც იყო. ექიმები ამბობდნენ, რომ რაღაც ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ, რომელიც ამას დაადასტურებდა. ქალი კომაშია, გული აქვს ცოტა დაზიანებული. შეიძლება ბავშვი ნახა ამ მდგომარეობაში და მერე უფრო დაემართა კიდევ და გულზე იმოქმედებდა.

ზოგიერთი ადგილობრივის თქმით, მოზარდის სიკვდილი, სავარაუდოდ, სოკოს ჭამამ გამოიწვია, რადგან სოკოს კრეფის პერიოდში ზოგჯერ ასეთი უბედურებებიც ხდება ხოლმე.

მე ასე გავიგე, რომ სოკო უჭამია და ამით მოიწამლა ბავშვი თურმე და ვეღარ გადარჩა. ალბათ წუხელ მთელი ღამე ერთ ამბავში იქნებოდა ოჯახი. ახლა სოკოზე დადის ხალხი და კრეფენ და ალბათ შეეშალათ ის სოკო და... ასეთი უბედურება ხდება ხოლმე"- აცხადებს ადგილობრივი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები