კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული არხების წინააღმდეგ „ოცნების“ საჩივრები დასაშვებად ცნო
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" წინააღმდეგ მიმართული საჩივრები დასაშვებად ცნო და "ქართული ოცნების" საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე ჩანიშნა.
კრიტიკული მედიების წარმომადგენლები საჩივრების დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ. თუმცა, კომისიამ საკითხები არსებით სხდომაზე განეხილა.
- საქმე ეხება “ქართული ოცნების” საჩივრები, რომელიც კომისიაში დარეგისტრირდა. პარტია ტელევიზიებისთვის სანქციების გამოყენებას მოითხოვს.
"ტვ პირველის" შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს საინფორმაციო გამოშვების 14 ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული. კონკრეტულად, "ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას შემდეგი ტერმინების გამოყენებას ედავება - "ოლიგარქი"; "არალეგიტიმური ხელისუფლება"; "ოლიგარქის რეჟიმი"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..
თოთხმეტივე საინფორმაციო ჩანაწერში და მათ შორის საინფორმაციო ქარდებში საუბარია პოლიტიკის მიმდინარე საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე, შესაბამისად, პირდაპირ, უშუალო გავლენას ახდენს ჩვენზე. ამასთან, წარმოდგენილია ყველაფერი მიკერძოებით, ბალანსის დაუცველად და მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა "ოცნების" წარმომადგენელმა, ნათია ბოკუჩავამ.
დღევანდელ სხდომაზე "ტვ პირველის" ინტერესებს არხის იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი იცავდა. მიგინეიშვილმა კომისიის წევრებს უთხრა, რომ ჟურნალისტის მიერ აზრის გამოხატვისთვის ცენზორებისგან ნებართვის აღება იმის დასტურია, რომ მედია საბჭოთა ჩარჩოში ბრუნდება.
თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, კომისიას მსგავს თემებზე გადაწყვეტილება აქამდე მიღებული არ აქვს და იქმნება ახალი პრაქტიკა:
„ამ ახალი პრაქტიკის შექმნის დასაწყისში, აუცილებელია გაითვალისწინოს, პირველ რიგში, მაუწყებლის და მაყურებლის ინტერესი და მოთხოვნა, მაუწყებლისა და ჟურნალისტების უფლებები, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საკითხი და დაიცვას ბალანსი მომჩივნის ინტერესებსა და ჩამოთვლილ საკითხებს შორის“.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები პირველ აპრილს მიიღო და კანონი ძალაში 31 მაისს შევიდა.