ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკს" ყიდის - გაურბის თუ არა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი სანქციებს

05.06.25 20:48
ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკს" ყიდის - გაურბის თუ არა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი სანქციებს

გარიგება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ირაკლი რუხაძე არ გამორიცხავს, "ლიბერთი ბანკი" "ბაზისბანკს" მიყიდოს. თუ შეთანხმება ბოლომდე მივა, ქვეყნის სიდიდით მესამე ბანკი ჩინელების ხელში აღმოჩნდება.

"ბაზისბანკი", რომელსაც დიდი ხანია, "ლიბერთის" ყიდვა უნდა, ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ირაკლი რუხაძე ჩინურ ფულში პრობლემას ვერ ხედავს, არადა წესით, ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა რისკი ახლავს განვითარებად ქვეყნებში კომუნისტური პეკინის ინტერესების შემოსვლას.

რატომ ყიდის ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკს? - თავად ამტკიცებს, რომ სანქციების შიში არაფერ შუაშია და როგორც ამერიკის მოქალაქე, შტატებიდან ამ ნაბიჯს არ ელოდება. არადა ამერიკა, ბრიტანეთი, მთლიანად დასავლური სამყარო იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, სწორედ ირაკლი რუხაძეს ასახელებს ხოლმე. რუხაძე ამტკიცებს, რომ ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ მისი საქმიანობის ნაწილია.

იმ პირობებში, როცა ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა, ტურიზმი, ეკონომიკური დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება და "ქართულ ოცნებას" კომუნისტური ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორად ჰყავს გამოცხადებული,  მკვლევრებს არ უკვირთ, რომ რუხაძე არჩევანს ჩინურ ბანკზე აკეთებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ სანქციების შიშით გადადგმული ნაბიჯია,  მეორე მხრივ კი "ქართული ოცნების" პოლიტიკის გაგრძელება და ავტორიტარული სახელმწიფოების დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენა.

ჩინური გავლენები საქართველოში - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები