“საქმე შეუთითხნეს, პოლიციელები ჩაიჭრნენ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს“-უჩა ქემაშვილის ადვოკატი
ქვეყანაში სასამართლო აღარა არის, ცეცხლი ოლიგარქიას, ძირს რუსი ოლიგარქი-ასე შეხვდა მოსამართლე თეთრაულის მიერ გამოცხადებულ განაჩენს სამოქალაქო აქტივისტი, უჩა ქემაშვილი.
მან სასამართლო დარბაზში ფურცელიც გაშალა წარწერით-“კაცის წყევლა მისავალია და ხოდა, კუბოები ეყიდოთ ქოცებს, ჩვენი ჯარიმების ფულით.“
ქემაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს “საქმე შეუთითხნეს“ და ეს კარგად გამოჩნდა სასამართლო დარბაზში, როდესაც პოლიციელებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს.
ამ სასამართლოში მკვდარია სასამართლო და სიმართლე, დღეს ქემაშვილი დაიჭირეს, დააკავეს და ჯურღმულში ჩასვეს იმის გამო, რომ თურმე აქციაზე ალუჩას არიგებს, რაღაც ნაჭერი დაწვა. ამის გამო ხომ ვერ დააკავებდნენ, მერე შეუთითხნეს რაღაც საქმე, თითქოს ათეულობით პოლიციელს გაუწია წინააღმდეგობა, თავის სახლთან, რომლებიც გამოედევნენ რუსთაველის ტერიტორიიდან. დღეს სასამართლო დარბაზში გამოჩნდა, რომ ეს პოლიციელები ჩაიჭრნენ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს,- განაცხადა ტყეშელაძემ.
აქტივისტი უჩა ქემაშვილი სასამართლომ 10 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა - დაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ უჩა ქემაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე 27 მაისს დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ხელოსანს, რომელიც პროევროპული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ალუჩას ურიგებდა, ხელბორკილები აქციის დასრულების შემდეგ დაადეს.