პირი, რომელმაც "სიგნალით" ხაზარაძე/ჯაფარიძეს მოწვევა გამოუგზავნა, კომისიის თანამშრომელი საერთოდ არ არის - ადვოკატი
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმეში არ არსებობს წერილობითი გადაწყვეტილება (დოკუმენტი), რომ ოპოზიცონერი პოლიტიკოსი თეა წულუკიანის კომისიაზე იყო დაბარებული. ადვოკატის თქმით, ამის შესახებ დღეს სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოძახებულმა გამომძებელმაც დაადასტურა.
ამ გადაწყვეტილების გარეშე ეს სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს - ამბობს უფლებადამცველი.
მისივე თქმით, პირი ვინც "სიგნალით" ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს კომისიაზე დაბარების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, კომისიის თანამშრომელი საერთოდ არ არის.
„დღეს ამ საქმეზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. ის თანამშრომელი, რომელმაც გამოაგზავნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრის ჯაფარიძესთან შესაბამისი მოწვევა, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება. აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომელი საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი და ეს თვითონ დაადასტურა, არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აპარატის თანამშრომელი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და უცნაური გარემოებაა. სინამდვილეში, გაუგებარია თავისი პირადი გადაწყვეტილებით რატომ შეატყობინა სიგნალის მეშვეობით, ეს ვერ ახსნა, იმიტომ, რომ დებულება ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. მან ვერ დაადასტურა, რომ კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული წერილობითი ფორმით და ხელმოწერილი უნდა იყოს, თუმცა შემდეგ გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ წერილობითი გადაწყვეტილება, რომელსაც დებულების მიხედვით ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი საქმეში არაა. ამ გადაწყვეტილების გარეშე ეს სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს. ბრალის ფორმულირება არის შემდეგი - კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. კომისიის მოთხოვნა რომ კანონიერი იყოს, კომისია უნდა იყოს კანონიერი, რაც არ გვაქვს სახეზე. კომისიამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები და დააფიქსიროს თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. ესეც არ გვაქვს. გამოძიება უნდა შესულიყო იმის გარკვევაში რამდენად კანონიერია ეს გადაწყვეტილებები ანუ ეხებოდა დაბარების აუცილებლობა და კომისიის გადაწყვეტილება ერთმანეთს. არცერთი ეს მოთხოვნა გამოძიებას გამოკვეთილი და შემოწმებული არ აქვს. აქ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ალბათობა ნულის ტოლფასი უნდა იყოს“, - ზვიად კორძაძემ.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.