"გასაჩივრებული ჯარიმები ძალაში დაგვიტოვეს" - ჟურნალისტები შსს-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

07.06.25 11:22
"გასაჩივრებული ჯარიმები ძალაში დაგვიტოვეს" - ჟურნალისტები შსს-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებული ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს უსამართლო მიდგომებში ადანაშაულებენ - ჟურნალისტები, აცხადებენ რომ  გზის გადაკეტვის გამო გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრეს, თუმცა არც ერთ მათგანს საჩივარი არ დაუკმაყოფილდა და გელა გელაძის უწყებამ ჯარიმები ძალაში დატოვა. მედიის წარმომადგენლებს აქვთ მტკიცებულებები, რომ აქციების დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

მედიის წარმომადგენლები აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ახლა სასამართლოში აპირებენ. 

"პუბლიკის" ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ  გზის  გადაკეტვის მომენტში საავტომობილო გზაზე არ მდგარა და ვიდეოს ტროტუარიდან იღებდა, თუმცა ის მაინც დააჯარიმეს. 

მგალობლიშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი პრაქტიკა დაამკვიდრა, რომლის მიხედვაც აჯარიმებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროევროპულ აქციებს აშუქებენ და მისი განმარტებით ეს ყველაფერი ემსახურება მათ დაშინებას და დასჯას. 

"ვფიქრობ, რომ ეს არის დასჯა პროფესიული საქმიანობისთვის", - ამბობს ბასტი მგალობლიშვილი. 

დამაჯარიმეს 5 000 ლარით 14 თებერვალს და როდესაც გავასაჩივრე ამ დრომდე ველოდებოდი პასუხს და საბოლოოდ გუშინ მომივიდა პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ არ დაკმაყოფილდა ჩემი საჩივარი. შესაბამისად, ვაპირებ, რომ ახლა გავასაჩივრო სასამართლოში. მტკიცებულებები წარდგენილი მქონდა ცნობა სამსახურიდან, კადრები, სადაც ჩანს, რომ ვმუშაობ გადაღების მომენტში ვდგავარ ტროტუარზე და მიკეთია პრესის ბარათი და ვაშუქებ. ასევე, წარვადგინე იმ დღეს გადაღებული მასალები, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის დასჯა პროფესიული საქმიანობისთვის. ქუჩაში, პროტესტი გაშუქება გახდა დასჯადი", - ამბობს ბასტი მგალობლიშვილი.
 

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო 4 - ჯერ დააჯარიმეს ამბობს, რომ თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ჩანს, რომ აქციაზე ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. 

4 ჯარიმა მაქვს სუკ გზის გადაკეტვისთვის. 2 მარტის არის და ორი აპრილის. რა თქმა უნდა,  4- ვე გავასაჩივრე. 2 დღის წინ მომივიდა პირველი უარი. მათივე გამოგზავნილ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, რომ მიკეთია პრესის ბეიჯი, მაქვს სამკლავური, კამერა თუმცა, რა თქმა უნდა, არ გაუთვალისწინებიათ ესენი და პირველი ჯარიმა დატოვეს ძალაში. შემდეგი ეტაპი ამის მერე არის უკვე სასამართლოში გასაჩივრება ამ ჯარიმების და რა თქმა უნდა, ვაპირებ რომ გავასაჩივრო", - ამბობს მარიამ ნიკურაძე. 

მსგავსი სიახლეები