ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდების მშობლები სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ და აქციას აანონსებენ

07.06.25 15:51
ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდების მშობლები სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ და აქციას აანონსებენ

"როგორ ბედავთ, რომ ჩვენ შვილებს იმ მინიმალურსაც ართმევთ, რაც ჩვენ შევქმენით" - ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდის მშობლები განათლების სამინისტროსგან პასუხებს ითხოვენ.

საქმე ეხება სამინისტროში მიმდინარე ცვლილებას ინკლუზიური განათლების სამმართველოსთან დაკავშირებით.

  • თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა. ამის შემდეგ სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა, არ გაუქმებულა, უბრალოდ სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო გაერთიანდა.

მშობლების განცხადებით, წლები და ბევრი ბრძოლა დასჭირდათ, რათა მათი შვილებისთვის ინკლუზიური განათლება მიეღოთ, ამიტომ ამბობენ, რომ სამინისტროს აღნშნულ გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან  და ორშაბათიდან აქციებს აანონსებენ.

"ამოქოლე სასკოლო ჩანთით სამინისტროს კარი" - ამ შინაარსის პერფორმანსი მოაწყო დღეს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული მოზარდის დედამ, თამუნა იარაჯულმა განათლების სამინისტროსთან და შენობასთან ჩანთა დატოვა.

იარაჯული ამბობს, რომ სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებით, "ბავშვების ინტერესებს გადააბიჯა".

ასეთი პერფორმანსი მინდოდა, რომ გამეკეთებინა, რომ ჩანთა დამეტოვებინა კართან და გადააბიჯონ ჩემი შვლის ჩანთას, იმიტომ რომ დღეს გადააბიჯეს მათ ჩემი შვილის ინტერესებს. არცერთი მშობელი ორგანიზაციისთვის და არც ბავშვისთვის, არავის მათ არ მოუსმენიათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ სპეციალისტების, თუნდაც თამარ ჟღენტის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენ წლები შევალიეთ, სისხლი დავღვარეთ ამ ტერიტორიაზე, რომ ინკლუზიური განათლება ყოფილიყო ისეთი მაინც, როგორიც დღეს არის.

ორშაბათს იქნება დიდი აქცია, თუ ჩვენი შვილები ვერ ისარგებლებენ სამინისტროთი, ვერ ისარგებლებს ვერცერთი  თანამშრომელი, იმიტომ რომ ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა არ არის იმ დონეზე და არ გვყავს იმდენ კადრი, რომ ახალი სამმართველოები შექმნან და ახალი ველოსიპედი გამოიგონონ. როგორ ბედავთ, რომ ჩვენ შვილებს იმ მინიმალურსაც ართმევს, რაც ჩვენ შევქმენით და არა თქვენ. როგორღაც გამოასწოროთ ახლა ეს შეცდომა და დააბრუნეთ ის კადრები, ვინც გაათავისუფლეთ  და დააბრუნეთ ამ შენობაში ცალკე სამმართველო", - ამბობს თამუნა იარაჯული. 

მშობლები "პირველებთან ამბობენ,რომ აღნიშნული სამმართველო პროფესიონალებით  იყო დაკომპლექტებული და  ზრუნავდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. მათი თქმით "სამმართველოს გაუქმებით, ფაქტობრივად ამ ბავშვებს სწავლის უფლება გაუუქმეს". 

ეს სამმართველო ზრუნავდა იმაზე, რომ შეფასება მომხდარიყო ბავშვების სკოლაში შესვლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეფასება ვეღარ მიხდება. დადგება საკითხო იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალური ასისტენტებიც აღარ იქნებიან სკოლაში. ამ სამმართველოს გაუქმებით, ფაქტობრივად გაუქმეს უფლება ამ ბავშვებს სწავლის, სკოლაში ყოფნის. მე ძალიან მაინტერესებს მინისტრის პასუხი, რატომ დაიხურა ეს სამმართველო. იმიტომ რომ ინკლუზიური განათლება ისეთ მაღალ დონეზეა ამ ქვეყანაში, რომ აღარ გვჭირდება ეს სამმართველო, თუ იმიტომ რომ შშმ ადამიანები ფეხებზე ჰკიდიათ და საეროდ, როგორი იქნება მათი ბედი ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს ერთ- ერთი მშობელი.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები