"პირველების" ინფორმაციით, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფება მარნეულში ეპარქიიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდა - იყო სროლაც
"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის დაჯგუფება მარნეულში ეპარქიიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდა. წყარო ადგილიდან ყვება, რომ გაიგეს სროლაც.
უცნობია, აქვს თუ არა ამ ამბავს კავშირი მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ ამბიონიდან გაკეთებულ განცხადებასთან, სადაც მან თქვა, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები მონაზვნის ხელით მის მკვლელობას ამზადებდნენ.
სასულიერო პირები, რომლებიც ეპარქიაში იმყოფებიან, ამბობენ, რომ იმაზე მეტს ვერ იტყვიან, ვიდრე თავად ეპისკოპოსმა ქადაგებისას ისაუბრა.
ქადაგებაში ხომ არის ნათქვამი, რა მოხდა. დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი. გასაჯაროვდა რაც გასაჯაროვდა. თუ იმაზე მეტი ითქვა, იმასაც გაიგებთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, - ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.
ეპისკოპოსის სკანდალური განცხადების შემდეგ რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები ეპარქიასთან არ გამოჩენილან.
აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ არც პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა ეპისკოპოსი მისი ლიკვიდაციის მომზადებაზე საუბრობდა, კობახიძის კაბინეტის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა.