"მხნედ არიან, არ ეშინიათ, ერთი სული აქვთ, აქციებს დაუბრუნდნენ" - დაკავებული აქტივისტების ადვოკატი
"არ გვჩვევია უკან დახევა, ჩვენი ხვედრია გამარჯვება სახელოვანი!" - ეს გზავნილი გამოიტანა ზაჰესის იზოლატორიდან ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ. იურისტმა დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები - ლიკა ლორთქიფანიძე, უჩა ქემაშვილი, საბა ბაღდავაძე და ბექა პაპაშვილი მოინახულა.
ევროპული მომავლის მცველები ადმინისტრაციულ პატიმრობაში არიან. ერთი - ფოერვერკის სროლისთვის ისჯება, მეორე - წულუკიანის შეურაცხყოფისთვის, მესამე - მარიამ ლაშხისთვის "მონის" დაძახების გამო. მეოთხე - უჩა ქემაშვილი კი აქციაზე "ქართული ოცნების" დროშის დაწვისთვის.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავებულები მხნედ არიან, არაფრის ეშინიათ და ერთი სული აქვთ, როდის დაუბრუნდებიან აქციებს.
ეს ახალგაზრდა ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები. ყველა სასამართლოზე გამოჩნდა, რომ ახალგაზრდა ადამიანებს აკავებენ უკანონოდ და არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი. სისტემა ცდილობს, რომ რამენაირად ამ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა და შეაშინნოს, მაგრამ ჩემი ყველა შესვლის შემდეგ ჩანს, რომ ამ ადამიანებს არ ეშინიათ, ერთი სული აქვთ, როდის გამოვლენ, პირიქით აქეთ ამხნევებენ ადამიანებს და ერთი სული აქვთ, რომ თუ სისტემა მათ მოწყვიტავს ხოლმე აქციებს და ისინი ვეღარ მიდიან იმ აქციებზე, მაშინ გავიდნენ სხვა ადამიანები, რომ სისტემამ იგრძნოს ყოველდღიური ზეწოლა. ამას მაბარებენ ყოველდღიურად, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.