აქცია განათლების სამინისტროსთან- შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმებას გააპროტესტებენ
9 ივნისს, 14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია "ქვეყანაში ინკლუზიური განათლების გაუქმებას არ შევეგუებით" გაიმართება.
შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმებას გააპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაუქმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო — ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც შშმ ბავშვების თანასწორ განათლებაზე სისტემურად მუშაობდა. ეს გადაწყვეტილება მიგებულ იქნა ჩუმად — შეთანხმების გარეშე, შშმ პირების, მშობლების და სფეროს სპეციალისტების გარეშე.
ინკლუზიური განათლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც უნდა იცავდეს სახელმწიფო. მთავრობის განცხადება „რეორგანიზაციაზე“ რეალურად ნიშნავს პროფესიონალების განდევნას და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის მოშლას.
მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო!
გადაწყვეტილებები მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით!
შეწყდეს ჩუმად მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აზიანებს შშმ ადამიანებსა და მათ ოჯახებს!
მშობლებო — ვინც ყოველდღე იბრძვით თქვენი შვილების უფლებებისთვის, იბრძოლეთ დღეს, რომ ბავშვები არ დარჩნენ განათლების მიღმა
მასწავლებლებო და სპეციალურო პედაგოგებო — თქვენი ყოველდღიური შრომა სისტემამ ერთი ხელის მოსმით გააქრო!
მონაწილე სპეციალისტებო — თქვენი ხმა მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება!
სტუდენტებო, ახალგაზრდებო, უფლებადამცველებო — ინკლუზია არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პრინციპი — ის არის საზოგადოების სარკე და სიჯანსაღის საზომი. შემოგვიერთდით!“ - წერენ აქციის ორგანიზატორები.
ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. მას მალევე გამოეხმაურა განათლების და მეცნიერების სამინისტრო. უწყების ცნობით, "სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო".