კოტე იოსელიანის გატაცების საქმე- ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღიათ
კოტე იოსელიანის გატაცების საქმე- ადგილზე, სადაც თინას ბოკუჩავას თქმით, ხუთმა ნიღბიანმა მის ქმარს თვალები აუხვია და გაიტაცა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა.
არადა მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
ადგილობრივები და ის ადამიანები, რომლებიც მიმდებარე ობიექტებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ყველა კამერა მუშაობს, მაგრამ პოლიცია ამ დრომდე ადგილზე არ გამოჩენილა და ვიდეოკამერების ჩანაწერები არავის ამოუღია.
ცოტა ხნის წინ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.
ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.
8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.
ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი".