ნიკა კაციას საქმეზე მოწმე პოლიციელი გამოიკითხა - რა უზუსტობებზე მიუთითებდა ადვოკატი

09.06.25 14:20
ნიკა კაციას საქმეზე მოწმე პოლიციელი გამოიკითხა - რა უზუსტობებზე მიუთითებდა ადვოკატი

ნიკა კაციას საქმე - სასამართლოში მოწმე პოლიციელის, გიორგი როსოფიძის დაკითხვა  დასრულდა. სხდომა ხმაურიანი იყო. 

დამკავებელი პოლიციელი დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, რომ ადგილი არც გაშიშვლების ეპიზოდს ჰქონია და საქმიდან არც ოქროს მოწმე, ტაქსის მძღოლი გაუქრიათ, როგორც ამას სინდისის პატიმარი ჰყვება. 

როსოფიძე ასევე ირწმუნებოდა, რომ ნიკა კაციასთვის არც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდიათ.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, პოლიციელმა ვერც ადვოკატის და ვერც თავად ბრალდებულის დამაზუსტებელ კითხვებს პასუხები ვერ გასცა. 

სად დააკავეთ კაცია? რატომ არის სხვაობა გამოკითხვის ოქმსა და დღეს მიწოდებულ ინფორმაციას შორის? მითითებულია, რომ ნიკოლოზ კაციას დაკავება მოხდა მისი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, რასაც კაცია დაკავების მომენტიდან ამტკიცებდა. დღეს ბატონი გიორგი ამტკიცებს, რომ ვართაგავას ქუჩაზე დააკავეს. დღეს ამბობთ სიმართლეს, თუ გამოკითხვის დროს თქვით?, - ჰკითხა ადვოკატმა მოწმეს. 

შეიძლება, ახლოსაა ეს ტერიტორია, - თქვა კითხვის საპასუხოდ როსოფიძემ. 

 ამის შემდეგ მოწმეს კითხვით უკვე თავად ნიკა კაციამ მიმართა.

სად წავიდა ჩემი ჯიბიდან "ტიკ-ტაკი", ჩვეულებრივი მენთოლი აბებია, რომელსაც ყოველთვის თან ვატარებ, იმიტომ, რომ არ დევს საქმეში. იმიტომ, რომ არა, რომ მერე ვეღარ ჩადეთ ნარკოტიკული საშუალება?, - უთხრა მოწმე პოლიციელს ბრალდებულმა. 

დღევანდელ სხდომაზე ნიკა კაციამ იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც ისაუბრა, რომელსაც მოწმე პოლიციელი მისი მისამართით აჟღერებდა, თუმცა როსოფიძემ ესეც უარყო. 

პროცესის შემდეგ "პრველებმა" მოწმე პოლიციელისთვის კითხვების დასმა სცადა, თუმცა ვერ მოახერხა იმის გამო, რომ ის კოლეგების ალყაში იყო მოქცეული. სამართალდამცველები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები იყვნენ და მათ როსოფიძესთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

ნიკა კაციას საქმეზე მსჯელობას საქალაქო სასამართლო 18 ივნისს გააგრძელებს. 

მსგავსი სიახლეები