“შშმ ადამიანები თქვენი სათამაშოები არ არიან“- განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს
განათლების სამინისტროსთან შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ-ისინი უწყების მისაღებში წერილებს აბარებენ, სადაც ითხოვენ შეცვალოს “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება და არ გააუქმოს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო.
აქციის მონაწილეები სამინისტროს წინ, ასფალტზე წარწერებს ტოვებენ-“შშმ ადამიანები თქვენი სათამაშოები არ არიან, არაფერი ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე“.
ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი შვილების, ოჯახის წევრების და საკუთარი უფლებებისთვის.
აქ მოსვლის დროს გამახსენდა, ჩემი პირველი მოსვლა განათლების სამინისტროში, რომელიც იყო 2008 წელს, როდესაც ეტლით მოსარგებლე გავხდი და აღმოვაჩინე, რომ სკოლაში ვეღარ ვივლიდი, რადგან მას არ ჰქონდა რესურსი, რომ მე სწავლა გამეგრძელებინა, მასხოვს, როგორ ავედი კიბეზე, სადაც არაფერი არსებობდა, ჩვენზე მორგებული, დღეს კი დამხვდა ლიფტი, ავედი წერილის ჩასაბარებლად და მივედი ძალიან მაღალ დახლთან, რომლიდანაც თანამშრომლები ვერ მხედავდნენ, ეს არ არის შემთხვევითი, სიმბოლურია, დიახაც, ჩვენ ისინი ვერ გვხედავენ, რადგან არ უნდა ჩვენი დანახვა და ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომელსაც რეორგანიზაციით გვილამაზებენ. არ არსებობს ინკლუზია იყოს დამატება, ეს არის აუცილებლობა და პრიორიტეტი. გაბრაზებული და დამწუხრებული ვარ, რომ მიწევს ამდენი წლის შემდეგ, იგივე რაღაცები გავაპროტესტო, რაც ბავშვობაში. არ მინდა, იმ ადამიანებმა, ვისაც ახლა უწევთ სკოლაში ყოფნა, იგივე გზის გავლა დაიწყონ. ის, რომ თითქოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს განათლების სამინისტრო, არის ტყუილი, -განაცხადა ნატალი ბუკიამ.
აქციაზე იმყოფება კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრი, ვატო სურგულაძე, რომელიც ამბობს, რომ იმის ნაცვლად, რომ “დეპარტამენტი გაეფართოვებინათ და ცალკე სიპიც ჩამოეყალიბებინა, ინკლუზიური სწავლებისთვის, პირიქით დააკნინეს.“
იმის ნაცვლად, რომ ამ ე.წ. სამინისტროს გაეფართოებინა დეპარტამენტი და მომავალში, შესაძლოა, ცალკე სიპიც ჩამოეყალიბებინა, ინკლუზიური სწავლებისთვის, პირიქით დააკნინეს. პრობლემას მალავენ, ალბათ უნდათ რომ აღარაფერი გაკეთდეს. ეს ხალხი იმას კი არ საჭიროებს, ვიღაცას შეეცოდოს, მათ თანაბარუფლებიანობა უნდათ, რომ იმუშავონ, განათლება მიიღონ და თვითონ გამოიმუშაონ. არანაირი განსხვავება არ უნდა არსებობდეს და ეს არის ამოცანა ნორმალური ევროპული ქვეყნის, -განაცხადა სურგულაძემ.
შშმ პირები, მშობლები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები ბრძოლას აანონსებენ და აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან.
ინკლუზიური განათლების სამმართველოს გაუქმების შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა. მას მალევე გამოეხმაურა განათლების და მეცნიერების სამინისტრო. უწყების ცნობით, "სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო".