"ცეცხლი ოლიგარქიას! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" - საბა ბაღდავაძის წერილი ციხიდან

09.06.25 19:46
"ცეცხლი ოლიგარქიას! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" - საბა ბაღდავაძის წერილი ციხიდან

30-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი საბა ბაღდავაძე ციხიდან წერილს აგზავნის - ახალგაზრდა, რომელმაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტი ქალების მხარდასაჭერად პიროტექნიკა გაუშვა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

საბა ბაღდავაძე წერს, რომ საკანში თავს "ქოცების ჯინაზე მედგრად გრძნობს", მოქალაქეებს კი ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. 

"ცეცხლი ოლიგარქიას! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!" - წერია წერილში. 

სალამი. მოკლედ მეგობრებო, მე-8 საკანი იბრძვის და არ ჩერდება. იცოდეთ, რომ თქვენ გარეშე არც კი ექნებოდა სიცოცხლეს აზრი. მადლობა, მადლობა და ისევ უდიდესი მადლობა. არ დანებდეთ, გამაგრდით, დაიცავით ერთმანეთი... ბრძოლა გრძელდება, გამარჯვებამდე!

იცოდეთ, რომ აქ ყველა კარგად ვართ. ეგ კი არა, ქოცების ჯინაზე უფრო მედგრად ვგრძნობ თავს, მეტად ვიდრე არასდროს. (თან დასვენება გამომივიდა). მაპატიეთ, რომ ოთხ კედელში მყოფი განერვიულეთ, მაგრამ იცოდეს ყველამ ის, რომ ძალიან მალე ახალი ენერგიით გავსებული დაგიბრუნდებით ბრძოლის წინა ხაზებსა და ველებზე. ისიც იცოდეთ, რომ ვერცერთი თქვენგანი ვერ აარიდებს თავს ჩემგან ძლიერ ჩახუტებას. 

ცეცხლი და ნავთი ოლიგარქია! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! თავისუფლებისთვის ყველა ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად". - წერია წერილში. 

საბა ბაღდავაძემ 23 მაისს, პარლამენტის წინ, ზუგდიდელი აქტივისტი ქალების, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას სოლიდარობის ნიშნად ფეიერვერკი გაუშვა. ბაღდავაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. 

25 მაისს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზედაც სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები