სინდისის პატიმარი მოწმე გამომძიებელს: თქვენი კოლეგები ჩემზე დაკავების ოთახში ძალადობდნენ

09.06.25 20:54
სინდისის პატიმარი მოწმე გამომძიებელს: თქვენი კოლეგები ჩემზე დაკავების ოთახში ძალადობდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესი დასრულდა - დღევანდელ სხდომაზე ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ 4 მოწმე გამომძიებელი დაიკითხა.

მოწმედ წარდგენილმა გამომძიებლებმა, რომლებმაც ჩხრეკის და დაკავების პროცედურა განახორციელეს, ვერ გასცეს კითხვას პასუხი, თუ რატომ არ დაინტერესდა გამოძიება იმ ვიდეომტკიცებულებების შესახებ მონტაჟის კვალის დადგენით, რომელიც ახლა სისხლის სამართლის საქმეში დევს და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა მოწმე გამომძიებელი გიორგი მხეიძე, რომელიც სინდისის ერთ-ერთმა პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მოსამართლის წინაშე ძალადობაში ამხილა. ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განსასჯელის სკამიდან კითხვა იმ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით დასვა, რომელიც მის წინააღმდეგ დაპატიმრების შემდეგ განხორციელდა და რომელიც, ბრალდებულის თქმით, მოწმე გამომძიებლის თვალწინ ხდებოდა. 

ნიკოლოზ ჯავახიშვილი: თქვენი კოლეგები ჩემზე რომ ძალადობდნენ დაკავების ოთახში და შემდეგ განყოფილებაში, იცით?

მოწმე გამომძიებელი: ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, არის მტკნარი სიცრუე... ეს არის რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობა თქვენი მხრიდან.

მოწმე გამომძიებლის მსგავსმა რეპლიკამ დარბაზში მყოფთათვის და ბრალდებულებში უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა. იქამდე, ვიდრე გიორგი მხეიძე რეპლიკას გააკეთებდა, მან იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრა, რომელიც თავადვე ჩაატარა. 

დღევანდელ სხდომაზე გიორგი მხეიძემ აღიარა, რომ საათობრივი მასალიდან მხოლოდ რამდენიმე წუთი და ის ეპიზოდები ამოჭრა, რომელიც მან საჭიროდ და საინტერესოდ ჩათვალა. 

მოწმე გამომძიებელი: ეს ყველაფერი ამოვიღე და დავურთე საქმეს. ჯერ დავათვალიერე და შემდეგ როცა ვნახე შესაბამისი კადრები, შემდეგ დავურთე. სრული ვიდეოჩანაწერი, რაზეც ვიმუშავე, არ არის იქ. იქ არის ის ვიდეო, რაზეც უკვე მოგახსენეთ. რაც გამოძიებამ ჩათვალა მნიშვნელოვნად, ის ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

სინდისის 8 პატიმრის მომდევნო სასამართლო პროცესი 11 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. შემდეგ სხდომაზე ის მოწმე პოლიციელები დაიკითხებიან, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული და ამტკიცებენ, რომ ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაზიანებები მიიღეს, თუმცა ხელს სინდისის ვერცერთ პატიმარს ადებენ. 

მსგავსი სიახლეები