მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა - რა წერია განჩინებაში

10.06.25 10:36
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა - რა წერია განჩინებაში

ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობა - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ, გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება აუკრძალა.

ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. 

"ბრალდებულ ბატონ გ.შ, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში, დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე დადგენილებას და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა", - წერია განჩინებაში.

როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ოქმში წერს, საეპისკოპოსოს სასამართლოს საჭიროდ მიიჩნია საქმე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განეხილა. 

საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოძახებულ იქნა ბრალდებული ბატონი გ.შ, რომლის ჩვენებაც მოსმენილ იყო. სასამართლომ ასევე მოისმინა მონაზონ თ.კ-ს დეტალური ჩვენება, სხვა სასულიერო პირების თანასწრებით, ასევე მოწმეთა ჩვენებები და ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბრალდებულის მხრიდან ეპისკოპოსის წინააღმდეგ მართლაც არსებობდა განზრახვა ფიზიკური განადგურებისა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლომ, წმინდა კანონებითა (ანტიოქიის კრების მე-4, მე-6 და მე-12 კანონები და სხვ.) და საქართველოს ეკლესიის დებულებით (თავი II, 59) მასზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა რა წარმოდგენილი ბრალდება და მტკიცებულებები, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ბრალდებული პირი, გ.შ, ცნობილია დამნაშავედ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, კერძოდ:

მკვლელობის ჩადენის მცდელობაში (დაგეგმვა და განხორციელების მცდელობა), რაც შეესაბამება ცხოვრების ხელყოფის უმძიმეს ცოდვას (იხ. მათ. 5: 21; ანკვირიის კრების 22-ე კანონი; წმ. ბასილი დიდის მე-8 და 56-ე კანონები და სხვ.)“, – წერია დოკუმენტში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრი ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლოს ოქმი ნახა, თუმცა ამბობს, რომ საპატრიარქო განცხადებას გამოძიების შემდეგ გააკეთებს. 

ეპისკოპოსმა გიორგიმ 8 ივნისს თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსანი მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. 

სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

თემაზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

 

მსგავსი სიახლეები