სავარაუდო ძალადობა სინდისის პატიმარზე - ანტონ ჩეჩინის საქმეზე განმარტებებს არცერთი უწყება არ აკეთებს
რა მოხდა გლდანის ციხეში - სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის განცხადებიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა განმარტებები არცერთ უწყებას არ გაუკეთებია. აქციებზე დაკავებული აქტივისტი ირწმუნება, რომ ის ციხეში სცემეს და საათების განმავლოაბაში კარცერში უმიზეზოდ ჩაკეტეს. ჩეჩინი ძალადობაში გლდანის ციხის თანამშრომლებს ამხელს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩეჩინთან ციხეში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი იყო შესული. "პირველები" დამატებითი დეტალების გასარკვევად უწყებას დაუკავშირდა, თუმცა კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.
აქტივისტი მონახულა ადვოკატმაც. ინტერესების დამცველი ადასტურებს, რომ აქტივისტ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისი თქმით, ჩეჩინმა ექიმიც მოითხოვა, თუმცა მისი ეს თხოვნა დააიგნორეს.
გამომდინარე იქიდან, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული ანტონის მიმართ და აღენიშნებოდა დაზიანებები, გრძნობდა ძლიერ ტკივილს, მოითხოვა ექიმის ჩართულობა, თუმცა იმ მომენტში აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მივმართეთ სახალხო დამცველს, მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე საქმის კურსში ჩავაყენეთ გლდანის მე-8 დაწესებულება. ბოლო ინფორმაცია, რაც ჩემთვის ცნობილია, არის ის, რომ იუსტიციის წარმომადგენელი იმყოფებოდა ანტონთან და სავარაუდოდ, ანტონი მიაწოდებდა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას, - ამბობს ადვოკატი.
მომხდარის შესახებ დეტალურად ყვება აქტივისტის მეუღლეც.
არაერთი, არამედ 5-6 ბადრაგი იყო, რომლებმაც გაიყვანეს საკნიდან ძალის გამოყენებით მხოლოდ იმის გამო, რომ ანტონმა სთხოვა მათ საკნის შეცვლა, რადგან არამწეველებთან უნდოდა, შემდგომ კი ბადრაგებმა უთხრეს, რომ დირექტორი არ იყო. ამით დასრულდა ეს საუბარი და შემდეგ, უეცრად შემოვიდნენ საკანში და ძალით გაიყვანეს ისე, რომ მიზეზიც არ აუხსნიათ. გადაუგრიხეს ხელები, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს რუსულადაც და ქართულადაც. იმდენად ჩაულურჯდა ხელები, რომ ჰქონდა ჰემატომაც. ეუბნებოდა მათ, რომ თავში პრობლემა ჰქონდა, ასევე გულის ტკივილებზე. ითხოვდა ექიმს, თუმცა ესეც დააიგნორეს და წაიყვანეს კარცერში. ასევე დაემუქრნენ, რომ თუ არ გაჩერდებოდა, კიდევ უფრო ატკენდნენ, - ამბობს ჩეჩინის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინზე ფიზიკური ძალადობა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში 6 ივნისს განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე ვერცერთი სახელმწიფო უწყება ვერ ამბობს, აპირებენ თუ არა ამ სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას.