ხმაური საქალაქო სასამართლოში - რა ჩვენება მისცა სინდისის 11 პატიმრის პროცესზე მოწმე პოლიციელმა
საქალაქო სასამართლოში 11 სინდისის პატიმრის საქმე ხმაურის ფონზე მიმდინარებს. დაპირისპირება სხდომაზე მოწმე პოლიციელის, დავით ქიტიაშვილის ჩვენებას მოჰყვა. გამომძიებელიმა თქვა, რომ შსს-ს პრესცენტრიდან სამი ბრალდებულების წინააღმდეგ ვიდეოკადრები გამოითხოვა და შემდეგ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნა. პოლიციელი ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით აქციაზე ფოიერვერკები და სხვადასხვა ნივთები ისროლეს.
დათვალიერებული მაქვს შსს-ს პრესსამსახურიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია დღეს წარმოდგენილი ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები. 17 თებერვალს დავათვალიერე პრესცენტრიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, სადა ასახულია ბატონი ქერაშვილი. ქერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები.
ვიდეოკადრებში ჩანდა კონკრეტულად რუსთაველის გამზირი, ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორია, ჩანს პოლიციის კორდონი, ჩანან საპროტესტო აქციების მონაწილეები. კადრებში ჩანს ასევე ბატონი ქერაშვილი, რომელსაც ხელში უკავია პიროტექნიკული მოწყობილობა და ისვრის პოლიციის კორდონის მიმართულებით, - თქვა გამომძიებელმა პროცესზე.
აღსანიშნავია, რომ ქიტიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებები თებერვლის ბოლოს ჩაატარა, ხოლო სინდისის პატიმრები ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დააკავეს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე უნდა გამოიკითხო. აქედან 4 ის პოლიციელია, ვინც სხვადასხვა საგაგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაკავების ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა ან ვიდეო მტკიცებულებები მოაგროვეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები, პრაქტიკულად, ადასტურებენ, რომ გამოძიება მიკერძოებულად და სუბიექტურად აწარმოეს.
განსაკუთრებულს არაფერს ველით. ბუნებრივია, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ კონკრეტულად მათ მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ რამე არსებითი მნიშვნელობა შესძინოს საქმეს. ისინი მხოლოდ ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს და ხშირ შემთხვევაში, თვითონვე ადასტურებენ იმას, რომ მათ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული აქვთ არა ნეიტრალურად, არა მიუკერძოებლად, არამედ სუბიექტურად და ცალმხრივად, - ამბობს ადვოკატი.
სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომები უკვე გაწერილია - კვირაში ორი პროცესი ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ თუკი 9 თვე ისე გავა, რომ საპატიმრო გადაწყვეტილება არ იარსებებს, მაშინ აქტივისტების გათავისუფლება მოუწევთ.