ადვოკატების თქმით, პროკურორი ვაჟა თოდუა მოწმე პოლიციელს, სავარაუდოდ, გამოკითხვის დროს მესიჯებს წერდა

10.06.25 17:25
ადვოკატების თქმით, პროკურორი ვაჟა თოდუა მოწმე პოლიციელს, სავარაუდოდ, გამოკითხვის დროს მესიჯებს წერდა

 

 

პროკურორი ვაჟა თოდუა მოწმე პოლიციელს, სავარუდოდ, გამოკითხვის დროს მესიჯებს წერდა და ამ ფორმით პასუხებს კარხნახობდა -  მძიმე ბრალდება 11 სინდისის პატიმრის საქმის პროკურორს სხდომათა დარბაზში ადვოკატებმა წაუყენეს.

  • სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

თოდუა მძიმე მდგომარეოებაში მოწმე დავით ქიტიაშვილის გამოკითხვის დროს აღმოჩნდა, როდესაც სასამართლოში მიყვანილმა სამართალდამცველმა დარბაზში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტი მოყვა. პროცესზე უფლებამცველები პროკურორის და მოწმის ტელეფონიების დათვალიერებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ნინო გალისტაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მოწმის და პროკურორების ტელეფონები არ შეამოწმა.

ახლა ეს ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ. ერთმანეთს წერთ პროკურორი და მოწმე და კიდე მე ვარ რა დღეში? ბატონო მოსამართლევ, არ გაინტერესებთ, მოწმე ვისთან კონტაქტობდა გამოკითხვის დროს? მოწმე საიდან გვცემდა პასუხებს ბატონო მოსამართლემ, არ გაინტერესებთ? ტეელფონში იყურებოდა", - თქვა სასამართლოზე ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა. 

მოწმე დავით ქიტიაშვილს კითხვები დაუსვა სინდისის პატიმარმა ანდრო ჭიჭინაძემაც. 

ანდრო ჭიჭინაძე: როდესაც მოწმე არის მოსული სასამართლოზე და უნდა გადაწყვიტოს ადამიანების ბედი, რა მიზეზი და მიზანი შეიძლება არსებობდეს, რომ მოწმე ტელეფონში იყურებოდეს ძალიან ხშირად? მითხარით მიზეზი... ბატონო მოსამართლე თქვენგან სამწუხაროდ, შესაბამისი რეაგირება ვერ დავინახე.

მოწმე: ახლაც თქვენი კითხვის დასმის პროცესში, მირეკავდა ხელმძღვანელი, რომელსაც გავუთიშე ტელეფონი. ტელეფონთან კონტაქტი თქვენი კითხვის დასმის პროცესშიც კი მომიწია. სმს-იც კი არ მიმიწერია ხელმძღვანელისგან.

მე როგორ უნდა დამრჩეს ობიექტურობის განცდა, რომ ბატონმა პროკურორმა და მოწმემ სინქრონში აიღეს ტელეფონი? - უთხრა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს და სასამართლოს უთხრა, რომ მსგავსი ფაქტები ემსახურება იმას, "როდესაც ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, შეიყვანონ შეცდომაში". 

 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები