რატომ დახურა აქციებზე დაკავებული 11 პირის სხდომა მოსამართლე გალუსტაშვილმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპულ აქციების დროს დაკავებული 11 ბრალდებულის სასამართლო სხდომა დახურა, დარბაზიდან გამოუშვეს ჟურნალისტებიც.
- სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობდა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ქერაშვილის ცოლის რეპლიკამ, გამოიწვია, რომელმაც იკითხა- “ეს ბიჭები რომ მშივრები არიან?“.
ამის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დამსწრე პირებს და ჟურნალისტებს.
რა რეჟიმში გაგრძელდება ბრალდებულების საკითხის განხილვა, ჯერჯერობით, უცნობია-მოსამართლე გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე შემდეგ სხდომაზე იმსჯელებს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.