რატომ აღარ უნდათ ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადება? - "Fitch Solutions"-ის კვლევა

11.06.25 11:24
რატომ აღარ უნდათ ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადება? - "Fitch Solutions"-ის კვლევა

რატომ აღარ უნდათ ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადება? ამ კითხვას პასუხი "ფითჩ სოლუშენსის" კვლევამ გასცა. გავლენიანი ორგანიზაცია საქართველოში საინვესტიციო რისკებს აფასებს. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად, ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს.

ძირითადი დაღმავალი რისკები გამომდინარეობს „ქართული ოცნების“ მთავრობასა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მზარდი დაძაბულობიდან, რაც გამოწვეულია ქვეყნის სულ უფრო პრორუსული საგარეო პოლიტიკური პოზიციით. პოლიტიკური გარემო კვლავ პოლარიზებულია, რადგან მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, როგორც ჩანს, სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს ქვეყანაში დასავლურ გავლენას, მაშინ როდესაც მოსახლეობა ძირითადად ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა, - წერია ანგარიშში.

ინვესტიციების შემცირებაზე მიუთითებს საქსტატიც. ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. თუ პანდემიის წლებს გამოვრიცხავთ, ბოლო 15 წლის განმავლობაში წელს ისტორიულად ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს - პირველ კვარტალში მხოლოდ 179 მლნ დოლარი.

ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს სანქციების, იზოლაციის და "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებაა. მკვლევარების თქმით, უცხოელი ბიზნესმენები სანამ ინვესტირებას გადაწყვეტენ, რამდენიმე ფაქტორს აკვირდებიან, მათ შორის, იმასაც, შეძლებენ თუ არა ქვეყანაში სამართლის პოვნას, როცა დასჭირდებათ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიტაცებული ინსტიტუტები მთავარი დაბრკოლებაა და საქართველოში ფული არ შემოაქვთ იმ ქვეყნებიდანაც კი, სადაც კობახიძეს და მის გუნდს აღიარებენ. 

2010 წლის შემდეგ თუ ამოვიღებთ სტატისტიკიდან კოვიდის ორ წელიწადს, ასეთი დაბალი მაჩვენებლები პირველ კვარტალშ არ გვქონდა. ისტორიულად ძალიან ცუდი შედეგია. ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება და ამ შემთხვევაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფაქტორი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ წყარო,რა წყაროც შესაძლოა, ეს გაუარესებული ეკონომიკური გარემო გაუმობესდეს, შეიძლება, იყოს ახალი უცხოური კაპიტალი და ფაქტია, რომ ამ ფლანგზეც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კარგი შედეგები და მისი პოლიტიკის შედეგია, რომ ისტორიულად ასეთ ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს პირველ კვარტალში.

მიზეზები არის, ჩემი აზრით, ცხადი. პირველი, ეს არის, ზოგადად, რეპუტაცია, რომელიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს არის, ხშირ შემთხვევაში, არაღიარებული მთავრობა. ეს არის დასანქცირებული მთავრობა და ეს არის მთავრობა, რომლის პირობებშიც მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებს შეექმნათ პრობლემები ქვეყანაში. ასეთ დროს კაპიტალი უცხოური ფთხილობს და ამ სიფრთხილის შედეგია საქართველოს ბაზარზე, ფაქტობრივად, არ არსებული ახალი უცხოური ინვესტიციები, - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.
 

მიზეზებზზე საუბრობს კიდევ ერთი ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.  

ინვესტიციები ეს არის ფისკალური რესურსის ერთ-ერთი მთავარი შემოდინების წყარო. მისი შემცირება, რა თქმა უნდა, დადებითი ვერანაირად ვერ იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. განმაპირობებელ მიზეზებს რაც შეეხება, რამდენიმეა. ყველაზე მარტივად რომ შევხედოთ საკითხს, რთულია ინვესტორი დაარწმუნო, შემოიტანოს ინვესტიცია ქვეყანაში, რომლის მთავრობის თიტქმის ყოველი მეორე წარმომადგენელი დასავლეთის მხრიდან არის დასანქცირებული. ამის გარდა, ქვეყანას აქვს გარკვეული პრობლემები მაგალითად, რამდენიმე გაჭიანურებული საარბიტრაჟო დავა, გარკვეულ საარბიტრაჟო დავებში საკმაოდ წარუმატებელი მიმდინარეობა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინვესტორებზე და შემდეგ უკვე ინვესტიციების შემოდინებაზე დადებითად არ მოქმედებს, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.

 

მსგავსი სიახლეები