"ჩუმად გაიყვანეს, არავისთვის უცნობებიათ" - თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" უდასტურებს.
როგორც SJC-ის იურისტი "ტვ პირველთან" ამბობს, ქათამაძე გუშინ ღამით ისე გაიყვანეს ქვეყნიდან, რომ უფლებადამცველებისთვის და მისი ახლობლებისთვის არ უცნობებიათ.
ასევე იურისტის თქმით, ბათუმელი მედროშე ქვეყნიდან სარფის გავლით არ გაუყვანიათ.
ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა საფუძვლით მოხდა მისი გაყვანა, რადგან ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების ვადა ეწურებოდა გუშინ ღამით. დამატებითი ინფორმაცია მას შემდეგ გევცოდინება, რაც მიგრაციის დეპარტამენტიდან ოფიციალურ ინფორმაციას მივიღებთ. მიმართული გვქონდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის და ველოდებოდით მათგან ინფორმაციას, თუმცა სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებამ ბატონ თემურს ვერ მოუსწრო. ბატონი თემური ბოლო პერიოდში ასევე საუბრობდა მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლზეც. ჩვენ, რა თქმა უნდა თვალყურს მივადევნებთ თემურის საქმეს თურქეთის რესპუბლიკაში", - ამბობს ადვოკატი.
თემურ ქათამაძის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა:
„ამას მალე გავიგებთ მიგრაციის დეპარტამენტთან ოფიციალური კომუნიკაციის შემდეგ. სწორედ გუშინ ღამის 12 საათზე გადიოდა მისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა.
ჩვენ მისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ვცდილობდით და ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ვიყავით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ამ საქმეზე, როცა გადაყვანა ასე სწრაფად მოხდა.
თურქეთში ბატონი თემურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, როგორც კი დეტალებს გავიგებთ მოგაწვდით.
ჩვენ გავაგრძელებთ მისი უფლებების დასაცავად ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში.
სამწუხაროდ, საერთაშორისო მექანიზმები ასეთი მყისიერი სიტუაციების მიმართ საკმარისად მოქნილი არ არის და ამაზე ცალკე პროფესიულად დავწერ. რუსეთის იმპერიამ აიძულა გადასახლება თემურის წინაპრებს, „ქართულმა ოცნებამ” კი მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა – ვერ გახდები მოქალაქე, არ იმსახურებ აქ ცხოვრებასო და კოლონიური ტრავმა გაუმეორა. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს”, – წერს მიქელაძე.
თემურ ქათამაძის ცოლის, ნინო კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძეს ახლა ქალაქ ორდუში გადაიყვანენ, სადაც მასზე საქმეა აღძრული.
ახლა იმყოფება პოლიციის განყოფილებაში, თავისუფალი არ არის, რა თქმა უნდა არა. გადაიყვანენ ქალაქ ორდოში, სადაც შეიქმნა ეს "დოსიე" და დაიწყება მისი დაკითხვა. თვიოთონ თემური უშვებს იმ აზრს, რომ ამ უსაფუძვლო ბრალდების მიღმა სინამდვილეში იმალება ის, რომ თემურის, როგორც აქტიური ლიდერის მოშორება სურს თურქულ მხარეს.
თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში თემურ ქათამაძეს პატიმრობა ემუქრება – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძეს თურქეთში FETO-სთან კავშირის საბაბით პატიმრობა ემუქრება, ადვოკატმა შეძლო, ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით.
SJC-ის თანახმად, საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით.
პრაქტიკაში სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.
- შეგახსენებთ, რომ აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.