სინდისის პატიმარი მოსამართლეს: მოწმეს ყური აქვს მოდებული დარბაზზე, გაიყვანეთ
ხმაური საქალაქო სასამართლოში - სინდისის პატიმრების ინფორმაციით, მაშინ, როცა მათ წინააღმდეგ ჩვენებას ერთ -ერთი პოლიციელი აძლევდა, დანარჩენი დასაკითხი მოწმეები პროცესს კარიდან უსმენენ.
“ბატონო მოსამართლე, მოწმეს ყური აქვს მოდებული დარბაზზე, გაიყვანეთ”, - მიმართა ბრალდებულმა ირაკლი მიმინოშვილმა მოსამართლეს.
პატიმრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია პროკურორებმა უარჰყვეს. ბრალდების მხარის წარმომადგენლების თქმით, მოწმეები დარბაზთან არ დგანან.
“მე როგორც ვიცი აქ მოწმე არ დგას” - თქვა მანდატურმა, რომელსაც ფაქტის შემოწმება მოსამართლემ სთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოკვლევა მოხდება.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.