ლიკა ლორთქიფანიძის დედა მარიამ ლაშხს: რატომ გაიმეტეთ ჩემი შვილი?!
"ეს 12 დღე 112 დღედ მექცა" - ამის შესახებ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაპატიმრებული სამოქალაქო აქტივისტის, ლიკა ლორთქიფანიძის დედამ, შვილის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
დედა მას შემდეგ დაბრუნდა ემიგრაციიდან, რაც მისი 19 წლის შვილი 12 დღით ციხეში გაუშვეს. ქალი "ქართულ ოცნებას" და მარიამ ლაშხს მიმართავს და ეკითხება, "რატომ გაიმეტეს მისი სტუდენტი შვილი".
დედისთვის, რომელიც ემიგრაციაშია და მის შვილს უშვებენ 12 დღით თუ რამოდენიმე დღით, არ აქვს მნიშვნელობა, წარმოიდგინეთ როგორი რთულია ამის გაგება სოციალური ქსელით. ეს 12 დღე 112 დღედ მექცა მანამ აქ ჩამოვიდოდი და ჩემს შვილს შევხდავდი. მე მოვუწოდებ ამ მთავრობას, ჩვენს მთავრობას, რომ ახალგაზრდებს მისცეს თავისუფლების თქმის უფლება. მარიამ ლაშხს ვეტყოდი იმას, რომ თვითონაც, როგორც გავიგე არის დედა. შეეძლო მარიამ ლაშხს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა ამ ბავშვებისთვის და არ გაეშვა და არ გაემეტებინა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრეულმა სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს 12 დღიანი პატიმრობა 30 მაისს შეუფარდა.
მარიამ ლაშხი 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში სამ ახალგაზრდა ქალს უჩიოდა.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..." - სკანდირებდნენ ლაშხთან ერთ-ერთ კაფეში მისული სტუდენტები.
შსს სამიდან ორ შემთხვევაში პატიმრობას ითხოვდა, ერთ შემთხვევაში კი - ჯარიმას.