მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები - ვერ იხსენებენ, დაკითხეს თუ არა დაკავებულები, ვერ ამბობენ რა დოკუმენტებზე აქვთ ხელი მოწერილი
ხმაური სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულებმა მოწმე პოლიციელები განსასჯელის სკამიდან ამხილეს - პატიმრების თქმით, პროკურატურის მოწმეებს სხდომათა დარბაზის კარზე "ყური ჰქონდათ მიდებული", რომ შესაძლო კითხვები მოესმინათ და პასუხები მოემზადებინათ.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ბრალდებულების მოთხოვნის შემდეგ, ჯერ უკიდურესად გაბრაზდა, ბოლოს კი იძულებული გახდა, მანდატურის სამსახურთან გადაემოწმებინა ინფორმაცია ,თუმცა მანდატურმა ისე გასცა პასუხი მოსამართლის კითხვას რომ დარბაზიდან არც კი გასულა. არადა კანონის მიხედვით, მოწმეებს არ აქვთ უფლება, მოისმინონ სხვა მოწმეები რა ჩვენებას აძლევენ.
სასამართლოში დღეს მოიყვანეს პოლიციელი კონსტანტინე კერესელიძე, ის მონაწილეობდა ზვიად ცეცხლაძე პირად ჩხრეკაში, მან გაჩხრიკა ბრალდებულის სახლი და გამოძიების ვერსიით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ამოიღო. კერესელიძემ მოაწერა ხელი ცეცხლაძის დაკავების ოქმსაც.
მოწმე პოლიციელს დღეს დარბაზში მოუწია თავის მართლებაც. რატომ დაარღვია კანონი და ჩხრეკის პროცესზე რატომ არ შეუშვა ადვოკატი.
სასამართლომ დღესაც მოუსმინა გამომძიებელ ქიტიაშვილს. რომელიც ირწმუნებოდა რომ ინსაფ ალიევის დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, თუმცა ბრალდებული ირწმუნება, რომ რუსთავში ქიტიაშვილი საერთოდ არ იყო. სხდომათა დარბაზში ალიევმა მოსამართლის თანდასწრებით კითხა მოწმეს პოლიციის განყოფილებაში რატომ აძალებდნენ ტელეფონზე კოდის მოხსნას.