ელენე ხოშტარიასა და ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები გადაიდო

12.06.25 13:05
ელენე ხოშტარიასა და ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები გადაიდო

კოალიცია "ცვლილების" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და აქტივისტის, ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები გადაიდო.

მიზეზი ორივე შემთხვევაში ადვოკატების შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც სუბელიანი და ხოშტარია პროცესზე არ იყვნენ წარმოდგენილები.

დღეს "პირველებმა" კითხვები დაუსვა შსს-ს გამომძიებელს, რომელიც ბრალდების მხარე იყო ანა სუბელიანის სასამართლო პროცესზე და ჰკითხა, თუ რა სახდელს ითხოვს აქტივისტის მიმართ. 

წარმოვადგენ სამართალდარღვევის ოქმს, რომლის შინაარსსაც ვეთანხმებით ბუნებრივია. შინაარსი არის ის, რომ ქალბატონი ანა სუბელიანის მხრიდადან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას სახელმწიფო პოლიტიური თანამდებობის პირის - ქალბატონი ნინო წილოსანის მიმართ. 

სახდელის დროს ფასდება სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით. 

როდის რა სახის სახდელი გამოიყენება და რა არის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ეს გაწერილია კანონში.  გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების დაცვის მიზნით", - განაცხადა გამომძებელმა. 

შემდეგი სხდომა 16 ივნისს ჩაინიშნა. 

დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტია დაბარებული. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები