ლაშა გაბიტაშვილი მოქალაქეობის შეწყვეტას "ოცნების" შურისძიებას უკავშირებს
პირველი ინტერვიუ ლაშა გაბიტაშვილთან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად შეუწყვიტეს - პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე მომხდარს აბუ-დაბიში, ირაკლი ზარქუასთან და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებთან მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
ლაშა გაბიტაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების "რეპრესიულად შევიწროება" და მათში შიშის გაღვივებაა.
როგორც ვხედავ, პრიორიტეტები სხვანაირად არის დალაგებული. პირველი პრიორიტეტი რატომღაც არის ის, რომ მე საქართველოს მოქალაქეობა წამართვან დაუსაბუთებლად. როდესაც უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც იგივე პროცედურებით, რაც მე გავიარე, ორმაგი მოქალაქეობა შეუნარჩუნეს და ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები. ერთ-ერთი ფაქტორი აბუ-დაბიში მომხდარი ფაქტია, რისი გაგრძელებაც არის ეს ყველაფერი. შეგახსენებთ, რომ მაგის შემდეგ მოხდა საქართველოში ჩემზე თავდასხმა. გამოძიება დაიწყო, 4-ჯერ ვიყავი განყოფილებაში მისული, რათა საქმის ვითარება მომეკითხა, რა, როგორ მიმდინარეობს. ამაზე შედეგი არ დამდგარა. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ რეპრესიულად შეგვავიწროონ, ვინც კრიტიკულად განწყობილი არის და ადამიანს შიშის ფაქტორი ჰქონდეს. გაგრძელება შეიძლება ის იყოს, რაც რუსეთში ხდება. შეიძლება ქვეყნიდან გაგაძევონ, აღარ შემოგიშვან". - განაცხადა ლაშა გაბიტაშვილმა.
პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ლაშა გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად შეუწყვიტეს. ამის შესახებ მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს პროევროპული აქციების მონაწილემ თავდაპირველად 19 მაისს გაავრცელა.
როგორც გაბიტაშვილი განმარტავს, მან ორმაგი მოქალაქეობა ქორწინებით მიიღო, რის შემდეგაც მიმართა იუსტიციის სახლს, რომ შენარჩუნებოდა საქართველოს მოქალაქეობაც, თუმცა უარი მიიღო.
იუსტიციის სახლის გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა.
ლაშა გაბიტაშვილი არის ის პირი, ვისაც 2025 წლის იანვარში აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
2025 წლის თებერვალში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.