ვერ შეგვაშინებთ, ბოლომდე ვიდგებით, თავისუფლება მათეს! - ლიკა ლორთქიფანიძე

12.06.25 20:36
ვერ შეგვაშინებთ, ბოლომდე ვიდგებით, თავისუფლება მათეს! - ლიკა ლორთქიფანიძე

ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე ლიკა ლორთქიფანიძეც იმყოფება, რომელმაც 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი გუშინ დატოვა. 

როგორც ლიკა ლორთქიფანიძე "პირველებთან" ამბობს, "ქართული ოცნებისთვის" სათქმელი მხოლოდ ერთი აქვს - "მათეს აუცილებლად გამოვიყვანთ". 

ივანიშვილის ხელისუფლებისთვის გზავნილი ის იქნება, რომ მათეს აუცილებლად გამოვიყვანთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვერ შეგვაშინებენ. ცდილობენ, სასამართლო პროცესებით პროტესტი გაგვირთულონ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ, ბოლომდე ვიდგებით აქ და მოვითხოვთ ბიჭების გათავისუფლებას. თავისუფლება მათეს და სოლიდარობა მას". - განაცხადა ლიკა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს - საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ადგილზე შეკრებილები მათე დევიძეს, რომელიც მოსამართლე გალუსტაშვილმა დღეს ციხეში 4 წლისა და 6 თვის ვადით გაუშვა, სოლიდარობას უცხადებენ. 

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები ამბობენ, რომ მელიქიშვილის გამზირზე სიმბოლურად შეიკრიბნენ. მათი თქმით, სწორედ ამ ტერიტორიაზე დააკავეს 21 წლის ბიჭი 2024 წლის 19 ნოემბერს. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.

განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები