TI: "21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის"
"21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის" - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ მათე დევიძის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.
როგორც TI წერს, საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად დადგინდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო მათე დევიძე სინდისის პატიმარი.
დღეს ივანიშვილის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე დევიძე ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.
საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი.
ამ და სხვა საქმეებში აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი პარტია იყენებს ძალოვან და სასამართლო სისტემას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, ადამიანების დაშინებისთვის, საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დევნისთვის, ადამიანების უფლებების შელახვისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის გასანადგურებლად.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ შეურიგდნენ ამ გამაოგნებელ უსამართლობას. საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ჩვენი სამშობლოს მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ გავიმარჯვებთ!" - წერია განცხადებაში.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.