მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციაზე უამრავი ადამიანი გავიდა - ჭავჭავაძის გამზირი პარალიზებულია
მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციაზე უამრავი ადამიანი გავიდა - ჭავჭავაძის გამზირი პარალიზებულია. ადგილზე შეკრებილები სინდისის პატიმარს, რომელიც მოსამართლე გალუსტაშვილმა დღეს ციხეში 4 წლისა და 6 თვის ვადით გაუშვა, სოლიდარობას უცხადებენ.
პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა ადგილზე ხმის გამაძლიერებლები მიიტანეს. მიდის მსჯელობა იმის შესახებაც, რომ ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენონ. მეორე ვარიანტი კი რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებაა.
ჩვენ მელიქიშვილის გამზირზე უფრო ცოტა ვიყავით. "ქართული ოცნება" ჩვენგან სიურპრიზს არ მოელოდებოდა. ქართველმა ხალხმა დავანახეთ, რომ მხოლოდ რუსთაველის პროტესტით არ შემოიფარგლება ჩვენი ბრძოლა. აუცილებლად ეს ბრძოლა გაფართოვდება და დაუბრუნდება სიძლიერეს. ახლა უფრო მეტი ორგანიზებულობით შევძლებთ, რომ "ოცნება" დავამარცხოთ. დღეს "ოცნებამ" მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. "ოცნებას" ჰქონდა იმის იმედი, რომ ამით შეგვაშინებდა. "ოცნებას" ქართველი ხალხისგან აქვს პასუხი - ჩვენ არ გვეშინია და უფრო მეტი გამოვალთ, თუკი დაიჭერენ ჩვენს თანამებრძოლებს". - განაცხადა მოქალაქემ.
21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.
განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.